საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ავტომობილების სტატისტიკის ახალი ინტერაქტიური პორტალი წარადგინა. პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: ავტომობილები, საწვავი, საავტომობილო გზები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მართვის მოწმობები.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის მიერ პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, პორტალი მოქალაქეებისთვის ერთ სივრცეში საქსტატში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი ინტერაქტიური გრაფიკები და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტები კი მომხმარებელს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის შესახებ ანალიზის გაკეთების საშუალებას აძლევს.
საქსტატის პორტალის მეორე მოდულში საწვავის საგარეო ვაჭრობის მონაცემები ბენზინის, დიზელისა და თხევადი აირის კატეგორიებშია მოცემული. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საწვავის შემთხვევაში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ფასი დიზელზე ფიქსირდებოდა – 3.98 ლარი, შემდეგ მოდის ბენზინი – 3.43 ლარი და თხევადი აირი – 1.58 ლარი.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებული 1,647,629 ავტომობილიდან 41.1% ბენზინზე მომუშავეა, დიზელზე – 19.5%, ხოლო ბენზინ-აირზე – 9.8%.
რაც შეეხება საქართველოში საწვავით საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, დიზელის შემთხვევაში მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით საქართველოში დიზელის იმპორტი თითქმის ორჯერ – $325 მილიონიდან $568 მილიონამდე გაიზარდა. თითქმის ორმაგი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიზელის საიმპორტო ფასის შემთხვევაში – $579-დან $1,040-მდე. თუმცა ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში შემცირდა იმპორტირებული დიზელის მოცულობა და 2021 წლის 561,432 ტონიდან 546,524 ტონამდე დავარდა.
გაზრდილია დიზელის ექსპორტიც, 2021 წლის $2.4 მილიონიდან სამჯერ – $7.5 მილიონამდე, თუმცა ამ შემთხვევაში მცირედითაა შემცირებული საექსპორტო ფასი და $1,364-ს შეადგენს. გაიზარდა ექსპორტირებული დიზელის მოცულობაც – 4,215 ტონიდან 6,305 ტონამდე.
დიზელით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნებია:
იმპორტი | რუსეთი | რუმინეთი | აზერბაიჯანი | თურქმენეთი | ბულგარეთი |
($1,000) | 330 420.6 | 97 989.5 | 47 297.2 | 43 314.2 | 39 388.4 |
ექსპორტი | თურქეთი | უკრაინა | აზერბაიჯანი | სომხეთი | |
($1,000) | 4 083.1 | 3 233.1 | 142.6 | 42.4 |
ბენზინის შემთხვევაში მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით საქართველოში ბენზინის იმპორტი $389 მილიონიდან $554 მილიონამდე გაიზარდა. გაიზარდა საიმპორტო ფასიც – $662-დან თითქმის $889-მდე და იმპორტირებული ბენზინის მოცულობაც – 588,605 ტონიდან 624,208 ტონამდე. გაზრდილია ბენზინის ექსპორტიც, 2021 წლის $972 ათასიდან $27 მილიონამდე, ამავე პერიოდში იმპორტირებული ბენზინის მოცულობა 1,426 ტონიდან 22 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო საექსპორტო ფასი გაორმაგდა და თითქმის $1,250 შეადგინა.
ბენზინით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნები არიან:
იმპორტი | რუსეთი | რუმინეთი | ბულგარეთი | თურქმენეთი | |
($1,000) | 285 787.8 | 153 690.7 | 75 183.8 | 35 975.7 | |
ექსპორტი | აზერბაიჯანი | უკრაინა | რუმინეთი | თურქეთი | სომხეთი |
($1,000) | 13 097.7 | 7 931.9 | 3 233.8 | 2 441.7 | 935.4 |
რაც შეეხება აირს, საწვავით საგარეო ვაჭრობაში ის ყველაზე მცირე პროცენტს იკავებს. აირის ექსპორტმა 2022 წლის ბოლოსთვის მხოლოდ $16 ათასი შეადგინა, საექსპორტო ფასი $8,391-ს უდრის, ხოლო მოცულობა – 1.9 კუბურ მეტრს უტოლდება. ამავე პერიოდისთვის აირით იმპორტი $19 მილიონს აჭარბებდა, საიმპორტო ფასი $453-ს აღემატებოდა, ხოლო იმპორტირებული აირის მოცულობამ 42 ათას კუბურ მეტრს გადააჭარბა.
აირით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნებია:
იმპორტი | რუსეთი | |
($1,000) | 19 213.2 | |
ექსპორტი | სომხეთი | აზერბაიჯანი |
($1,000) | 8.1 | 8 |