საუდის არაბეთში, 70 წლის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელების პირველი მაღაზია იხსნება. მაღაზიაში ვაჭრობა მხოლოდ არამუსლიმი დიპლომატებისთვის იქნება ნებადართული, რომელთაც ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ლუდისა და ღვინის შესაძენად, დიპლომატიური საბუთის წარდგენა მოუწევთ.
შედეგად, მაღაზიის გახსნით, საუდის არაბეთში არ გაუქმდება ალკოჰოლის აკრძალვა, რომელიც მოქალაქეებზე 1950 წლიდან ვრცელდება. Reuters-ის ინფორმაციით, მომხმარებლები მობილური აპლიკაციის საშუალებით უნდა დარეგისტრირდნენ, მიიღონ კოდი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და შესყიდვისას ყოველთვიური კვოტები დაიცვან. უცნობია, ექნებათ თუ არა წვდომა მაღაზიაზე სხვა არამუსლიმ ემიგრანტებს.
ახალი მაღაზია, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გაიხსნება, დედაქალაქ რიადის დიპლომატიურ კვარტალში მდებარეობს. ულტრაკონსერვატიული სახელმწიფოს მიზანი ქვეყნის იმიჯის მოდერნიზებაა, რათა საუდის არაბეთი ბიზნესისა და დიპლომატებისთვის პოპულარულ ადგილად აქციოს. ნავთობისგან დივერსიფიცირება და ტურიზმისა და ბიზნესის გაძლიერება, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის Vision 2030-ის ინიციატივის ნაწილია.
საუდის არაბეთში ალკოჰოლის მიღება ასობით როზგით, დეპორტაციით, ჯარიმებითა და პატიმრობით ისჯება. კანონის დარღვევის შემთხვევაში დეპორტაცია ემიგრანტებსაც ეხებათ. ამ დრომდე ქვეყანაში ალკოჰოლი მხოლოდ დიპლომატიური ფოსტით ან შავ ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ალკოჰოლის გაყიდვა იკრძალება. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა 1965 წლიდან აკრძალა ქუვეითმა. თუმცა პაკისტანში, ომანსა და კატარში, სადაც ალკოჰოლური სასმელების მიღება რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარეა აკრძალული, კანონი არამუსლიმებზე არ ვრცელდება.