საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
ეროვნული ბანკის ცნობით, მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.
“2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის გაუმჯობესება, რაც აისახება როგორც საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში. საგარეო შემოდინებების მატებასთან ერთად იზრდება მოხმარებაც, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად აღნიშნულისა, შიდა მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური აქტივობა ჯერჯერობით პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის.
ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია, რაც შესაბამისობაშია არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან. საკრედიტო პორტფელის ზრდა ძირითადად ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე მოდის, რაც პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ცვლილებით ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოების საშუალებას იძლევა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – განმარტავენ სებ-ში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.