Setanta Sports-ი და Netflix-ი 13 ქვეყანაში მომხმარებლებს საერთო პაკეტს შესთავაზებენ

Setanta Sports-ი და Netflix-ი 13 ქვეყანაში მომხმარებლებს საერთო პაკეტს შესთავაზებენ

სპორტული მულტიმედია პლატფორმა Setanta Sports-ი და მსოფლიოს წამყვანი სტრიმინგსერვისი Netflix-ი, საერთო მიზნით, 13 ქვეყანაში ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ. კომპანიები სპორტსა და სხვა გასართობ მედიას ერთ შეთავაზებაში გააერთიანებენ და მომხმარებელს, Fan Pack-ის სახით მიაწვდიან. ახალი პაკეტი ერთი გადახდით ორივე სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს.

უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში Fan Pack-ით სარგებლობა მსურველებს Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. თანამშრომლობის ფარგლებში, შეთავაზება მალე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports-ი მაუწყებლობს. Fan Pack-ის საბაზისო პაკეტის ერთთვიანი ღირებულება 9.39 ევროა, სტანდარტული პაკეტი – 11.79 ევრო, ხოლო პრემიუმი 13.99 ევრო ჯდება.

ცნობისთვის, Setanta Sports-ი შემდეგ ქვეყნებში მაუწყებლობს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა.

Setanta Sports-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, თამარ ბადაშვილის განცხადებით, Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც Setanta Sports-ის უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს და მაყურებლის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში აერთიანებს.

„სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი.“  – მაია პორჩინსკა – Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

Setanta Sports-ისა და Netflix-ის საერთო შეთავაზების სასურველი პაკეტის არჩევა შეგიძლიათ ბმულზე setantasports.com/fanpack.