„შახტარი“ მუდრიკის ტრანსფერით უკრაინელ ჯარისკაცებს დაეხმარება

„შახტარი“ მუდრიკის ტრანსფერით უკრაინელ ჯარისკაცებს დაეხმარება

დონეცკის „შახტარმა“ მიხაილო მუდრიკის ლონდონის „ჩელსიში“ ტრანსფერიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად გამოყო.

უკრაინული გუნდის პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ 25 მილიონი დოლარით ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს დაეხმარება. ახმეტოვის განცხადება „შახტარის“ ვებგვერდზე გავრცელდა:

„პირველყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ცივილიზებულ სამყაროს უკრაინის დახმარებისთვის. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინულ ფეხბურთზე უკრაინული არმიის, უკრაინელი ხალხისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს უზარმაზარი მხარდაჭერის წყალობით. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხებთ ბოროტებას, რომელიც ჩვენს სახლებშია.

დღეს შერეული გრძნობები მაქვს. ერთი მხრივ, მიხაილოს გამო მიხარია და ვამაყობ მისით. ეს ბიჭი სამაგალითოა და აჩვენებს, რომ ნიჭი და შრომისმოყვარეობა შეუძლებელს შესაძლებელს გახდის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ევროპა ნახავს მიხაილოს ბრწყინვალე და კარგ თამაშს.

მეორე მხრივ, არასდროს დამიმალავს, რომ ჩემი ოცნება ევროპული თასების მოგებაა. ეს ნიშნავს, რომ მუდრიკის მსგავსი მოთამაშეები უნდა მოვიწვიოთ ჩვენს კლუბში, უკრაინის ჩემპიონატში და ჩვენ უნდა მოვიგოთ ევროთასები ასეთი მოთამაშეებით. სამწუხაროდ, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან უკრაინა ებრძვის საშინელ და უსამართლო ომს, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს რუსეთის ფედერაცია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და უკრაინულ დონეცკში, „დონბას არენაზე“ ჩელსისთან ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ დღესთან ახლოს მივიდეთ.

სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო პროექტი „აზოვსტალის გული“, რომელიც შექმნილია მარიუპოლის დამცველებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დასახმარებლად. მათი ვაჟკაცობა უბადლოა თანამედროვე ისტორიაში. სწორედ მათ, მათმა თავგანწირვამა და გამბედაობამ შეუწყო ხელი ომის პირველ თვეებში მტრის შეკავებას და ყველა ჩვენგანმა უკვე იგრძნო უკრაინის გამარჯვების გარდაუვალობა.

გამოვყოფ 25 მილიონ დოლარს ჩვენი ჯარისკაცების, დამცველებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. თანხა მოხმარდება სხვადასხვა საჭიროებების დაფარვას. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროექტს ეყოლება პროფესიონალი დამოუკიდებელი გუნდი, რომელიც დაუკავშირდება აზოვსტალის დამცველებს, მათ ოჯახებს, მომვლელებსა და მოხალისეებს. ჩვენ სამუდამოდ ვალში ვართ ჩვენი ჯარისკაცების წინაშე.“

შეგახსენებთ, უკრაინელმა შემტევმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ტრანსფერის საერთო ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა. ეს უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *