2020 წელს, პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო განსხვავება კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ხელფასებსა და დასაქმებულთა საშუალო მედიანურ ანაზღაურებას შორის დრამატულად მაღალი იყო.
ამერიკული საფონდო ბირჟის 500 ყველაზე მსხვილი კომპანიის (S&P 500) CEO-ების შრომის წლიური ანაზღაურება საშუალო სტატისტიკურ მომუშავისაზე 299-ჯერ მაღალი აღმოჩნდა. კვლევის თანახმად, შარშან აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელფასის სახით საშუალოდ 15.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს. წინა ათწლეულთან შედარებით აღნიშნულ მაჩვენებელში ყოველწლიური ანაზღაურების დაახლოებით $260,000-იანი ზრდა შეინიშნება. ამავდროულად, რიგითი დასაქმებულის ანაზღაურება აღნიშნულ კომპანიებში 2020 წელს საშუალოდ $43,512 იყო. გასულ ათწლეულთან შედარებით ამ მაჩვენებელში მხოლოდ $957-იანი ზრდა შეინიშნება.
2020 წელს პანდემიის გამო ვითარება წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. აღმასრულებლების კომპენსაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 700,000 ამერიკული დოლარით გაიზარდა. 2019 წელს CEO-სა და საშუალო სტატისტიკური დასაქმებულის ანაზღაურებას შორის პროპორცია 264:1-ს შეადგენდა.
2020 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი CEO PayCom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩად რიჩისონი გახდა. მან ანაზღაურების სახით გასულ წელს 200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. გარდა PayCom-ის აღმასრულებელი დირექტორისა, სიის სათავეში ხვდებიან ისეთი კომპანიების CEO-ები, როგორიცაა – General Electric-ი, Regeneron Pharmaceuticals-ი, Hilton-ი, T-Mobile-ი, Nike-ი, Microsoft-ი და Netflix-ი.
ყველაზე დიდი განსხვავება აღმასრულებელი დირექტორისა და დასაქმებულის ხელფასს შორის Aptiv-ის პრაქტიკამ აჩვენა. კომპანიაში აღნიშნული მონაცემის პროპორციამ 5,294:1-თან შეადგინა.