სინგაპური მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს მცურავი მზის პანელების ელექტროსადგურს ხსნის

სინგაპური მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს მცურავი მზის პანელების ელექტროსადგურს ხსნის

ოთხშაბათს, 14 ივლისს, სინგაპურში მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი მცურავი მზის პანელების სადგური გაიხსნა, რომელიც თავისი ზომით 45 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტურია და გამოიმუშავებს კუნძულის ხუთი ნაგებობისათვის საკმარის ელექტროენერგიას.

სინგაპური სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქალაქია, რომელიც მიწის სიმცირით გამოირჩევა, შესაბამისად, პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის წარმოების ხელშეწყობაა. 2025 წლისთვის პროექტის მესვეურები ელექტროენერგიის წარმოების პროცესში მზის ენერგიის გამოყენების მინიმუმ გაოთხმაგებას გეგმავენ. ეს, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების, მეორე მხრივ კი ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის პრობლემატიკის გადაჭრის გზაა.

60–მეგავატიანი მზის ელექტროსადგური, რომელიც სინგაპურის დასავლეთ ნაწილში წყალსაცავზე მდებარეობს, Sembcorp Industries–ის მიერ არის აშენებული.

კომპანია და სინგაპურის წყლის ეროვნული სააგენტო ვარაუდობენ, რომ მზის ელექტროსადგურები ნახშირბადის ემისიას ყოველწლიურად დაახლოებით 32 კილოტონით შეამცირებს. ამასთან ელექტროსადგურების გახსნით გამოწვეული ნახშირბადის შემცირება შეგვიძლია შევადაროთ 7000 მანქანის გზიდან გაქრობას.

საინტერესოა, რომ სახურავზე განთავსებული მზის პანელებისაგან განსხვავებით, წყლის ზედაპირზე განთავსებული მოწყობილობა 15%–ით უფრო ეფექტიანია. ეს, ერთი მხრივ, წყლის გამაგრილებელი ეფექტისა და მეორე მხრივ სხვა შენობების დაჩრდილვის გამო ხდება.

სინგაპური, 45 ჰექტარზე განლაგებული 122000 მზის პანელის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დამსახურებით, შესაძლოა გახდეს მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შორის ერთ–ერთი, რომელიც წყლის გამწმენდ ნაგებობებს სრულიად განახლებადი ენერგიით ამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ მზის პანელების დამონტაჟებამდე, კომპანიამ არაერთი კვლევა ჩაატარა, რათა განესაზღვრა წყლის ხარისხისთვის და ბუნებისთვის მიყენებული ზიანის სიდიდე და შეედარებინა ის მოსალოდნელ სარგებელთან.

Sembcorp Industries– ის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ჯენ ტანმა აღნიშნა, რომ მზის პანელების ეს სისტემა დიდი სიფრთხილით შეიქმნა, რათა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ ჰაერის ნაკადების მოძრაობა და მზის სხივების მიწოდება წყლის ბინადრებისათვის.

ნავარაუდებია, რომ მზის პანელების ეს  სისტემა მინიმუმ 25 წელიწადს იმუშავებს, ხოლო დრონები ერთგვარი ტექნიკური მომსახურებისათვის იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურში ამჟამად კიდევ ოთხი მცურავი მზის პანელების პროექტი ხორციელდება.