შვედურმა მუსიკალურმა პლატფორმამ, SoundCloud-მა კომპანია Musiio შეიძინა, რომლის ხელოვნურ ინტელექტს მუსიკის მოსმენა და მომავალი ჰიტების ამოცნობა შეუძლია. როგორც SoundCloud-ის განცხადებიდან ირკვევა, ამ შესყიდვით კომპანია სამოყვარულო მუსიკის საკუთარი უზარმაზარი კატალოგის დახარისხებას შეძლებს და ხელოვნურ ინტელექტს კომპანიის მუსიკალური გამოცდილების ქვაკუთხედად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ Musiio-ს ხელოვნურ ინტელექტს, თუკი ის მართლა ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელია, SoundCloud-ის მუსიკის გავრცელების თითქმის უბარიერო სისტემის საგრძნობლად გაუმჯობესება შეუძლია. როგორც ირკვევა, Musiio-ს ხელოვნურ ინტელექტს მუსიკალური ჩანაწერების მოსმენა და მათში პოპულარული სიმღერებში არსებული კანონზომიერებების აღმოჩენა შეუძლია.
საინტერესოა, რომ მუსიკალური დისტრიბუციის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არახალია – Spotify-ისა და Apple Music-ის მსგავსი მსხვილი პლატფორმების გარდა, ამ ტექნოლოგიას მცირე ზომის პლატფორმებიც იყენებენ. მაგალითად, მუსიკალურმა პლატფორმამ Tunecore-მა თებერვალში ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ სტარტაპ Fwaygo-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა – Fwaygo ისეთ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც მსმენელებსა და კრეატორებს ერთმანეთთან აკავშირებს.
SoundCloud-ის მიერ Musiio-ს შესყიდვის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ გასულ წელს, სინგაპურში დაარსებული ეს სტარტაპი $10 მილიონად იყო შეფასებული.