SpaceX-მა Starlink-ისთვის $888-მილიონიანი სამთავრობო სუბსიდია ვერ მიიღო

SpaceX-მა Starlink-ისთვის $888-მილიონიანი სამთავრობო სუბსიდია ვერ მიიღო

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ SpaceX-ის განაცხადი, Starlink-ის მიერ სატელიტური ინტერნეტსერვისის სასოფლო არეალებში განსავითარებლად 888.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამთავრობო სუბსიდიის შესახებ არ დააკმაყოფილა. ბუნებრივია, კომისიამ სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ საკუთარი არგუმენტებიც გაავრცელა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარის, ჯესიკა როზენვორსელის განმარტებით, Starlink-ისათვის უარის თქმის მთავარი ორი მიზეზი ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და სერვისის მაღალი ღირებულებაა. თუმცა, კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ Starlink-ის ტექნოლოგია დამაიმედებელ შედეგებს გვპირდება.

საინტერესოა, რომ 2020 წლის დეკემბერში იმავე კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს დაახლოებით $1-მილიარდიანი სამთავრობო სუბსიდია მისცა. 2020 წელს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიერ შექმნილი $20-მილიარდიანი ფონდი სასოფლო არეალებში ციფრული შესაძლებლობების განვითარებასა და სწრაფი ინტერნეტსერვისის მიწოდებას ისახავდა მიზნად. თუმცა, როგორც ჩანს, ორი წლის შემდეგ, ილონ მასკის Starlink-ი ამერიკული მარეგულირებლებისათვის ისეთივე მიმზიდველი აღარ აღმოჩნდა.

კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ სუბსიდიის შესახებ განაცხადი არც ფიქსირებულ-უკაბელო პროვაიდერს, BroadBand-ს დაუკმაყოფილა. მარეგულირებლის განმარტებით, ამ უკანასკნელს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ადეკვატურად გამართვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ცნობისთვის, Starlink-ის ინტერნეტსერვისის გამოსაყენებლად მომხმარებელს $599 დოლარის ღირებულების მიმღები აპარატი სჭირდება. გარდა ამისა, აბონენტმა ინტერნეტით სარგებლობის სანაცვლოდ ყოველთვიურად $110 დოლარი უნდა გადაიხადოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *