ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია Starlink-ის მაღალსიჩქარიანმა სატელიტურმა ინტერნეტმა საქართველოში ფუნქციონირება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Starlink-ი X-ის (ყოფილი Twitter) ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
Starlink-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია პირველად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ გასული წლის ივნისში გაავრცელა. საინტერესოა, რომ Starlink-ის ინტერნეტის მისაღებად ხმელეთზე მასშტაბური ინფრასტრუქტურა საჭირო არ არის, ვინაიდან ის მომხმარებლებს დედამიწის ორბიტაზე განლაგებული მცირე ზომის სატელიტებიდან თეფშის მსგავსი მიმღები მოწყობილობის დახმარებით მიეწოდება.
ილონ მასკის კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ინტერნეტსერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარი, სატელიტური სიხშირის მიმღები სპეციალური მოწყობილობის ღირებულება კი 1,780 ლარი იქნება.
არსებული ინფორმაციით, Starlink-ის ინტერნეტის სიჩქარე საშუალოდ წამში 90.55 მეგაბიტია. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი ამ ეტაპზე საშუალოდ წამში 28.6-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მასკის კომპანიამ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტსერვისის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მისაწოდებლად უკვე 5,000-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა. მოგვიანებით ამ რიცხვის გაზრდა 12,000-მდე, საბოლოოდ კი 42,000-მდე იგეგმება.