თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება 2017 წელს და საკუთარ მეათე იუბილეს ახალი პროექტით იწყებს; საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს ცვლის და ამისთვის ახალ ინსტრუმენტს ქმნის – ინოვაციურ ონლაინპლატფორმას, რომელიც ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, ქველმოქმედი გახდეს.
www.statusdonates.ge – მისამართი პირველად ავკრიფე, აქ თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა საკუთარ თავს თავად გაცნობს. “მიიღე მონაწილეობა ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა თუ ადამიანების წარმატებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ” – მთავარ გვერდზე გაცხადებული მთავარი მიზანი მეტის გაგების სურვილსაც გიჩენს და შესაძლებლობასაც გაძლევს, ახალი პროექტის საწყისებს ბოლომდე მიჰყვე.
ყურადღებას პირველივე ვიდეოისტორია იქცევს – სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფარი. ცენტრი, სადაც 78 ადამიანი, მათ შორის 15 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ძირითადად შემოწირულებებით არსებობს. იქ პრობლემა ბენეფიციარზე ბევრად მეტია, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მოხუცებს თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ძეგვში ყველას საკუთარი მიზანი და ოცნება აქვს, თუმცა მთავარი საზრუნავი საერთოა – შენობის რეაბილიტაცია.
ძეგვის თავშესაფარი ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელიც თიბისიმ ახალი საქველმოქმედო პლატფორმის ფარგლებში 60 ათასი ლარით უკვე დააფინანსა. თიბისი სტატუსის სრული მხარდაჭერით თავშესაფრის დანგრეული შენობა აღდგება და იქ საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყობა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2017 წელს ათი წლის ხდება. პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტების დროის დაზოგვასა და კომფორტზეა გათვლილი. ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებასა და ცხოვრების წესს.
ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია წლის მიწურულს, რუსთაველის თეატრის დარბაზში შედგა. ოფიციალურამდე არაოფიციალური ნაწილი გაიმართა: ორიგინალურად განათებული დარბაზი, კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით და წითელი ღვინო – პრეზენტაციის დაწყებამდე ყველა დეტალი გათვლილია, განწყობა შექმნილია და “ფარდაც იხსნება”. სცენაზე ბენდს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ცვლის.
“ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ ქველმოქმედების ახალი კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ხედვა საქართველოში”,– ამბობს მამუკა ხაზარაძე და ახალ ონლაინპლატფორმას გახსნილად აცხადებს. ინოვაციური ვებგვერდი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამისთვის კი მხოლოდ სურვილი და მარტივი მოქმედებაა საჭირო: www.statusdonates. ge-ზე შესვლა, ვიდეოისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ კონკრეტული თანხა კონკრეტულ ადრესატამდე მივიდეს.
ამ ახალი პლატფორმის დაფუძნებით, თიბისი ბანკი არსებითად ცვლის საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს – ეს არის ქველმოქმედება ყველასთვის. დასაფინანსებელი პროექტები დემოკრატიული პრინციპით შეირჩევა, ამაზე საორგანიზაციო ჯგუფი იზრუნებს, რომელიც ახალი პლატფორმის ფარგლებში უამრავ ისტორიას მოუყრის თავს და ვებგვერდზე განათავსებს. ამ ისტორიების დაფინანსების შესაძლებლობა კი თიბისი ბანკთან და სტატუს კლიენტებთან ერთად ყველა მსურველს ექნება.
“იმედი გვაქვს, რომ ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ათასობით სტატუს კლიენტი, ასევე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქველმოქმედება სურს. ასეთი რამ პირველად კეთდება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წელსვე დიდ მასშტაბებს მიაღწევს”,- ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
სცენაზე თიბისი ბანკის ხელმძღვანელების გამოსვლას ჩვენთვის უკვე ნაცნობი ვიდეოისტორია ცვლის. მონიტორზე ძეგვის თავშესაფრისა და მისი ბენეფიციარების შესახებ მომზადებული ვიდეო გადის; თავშესაფარი სამიდან ერთ- ერთი პროექტია, რომელიც ახალი პლატფორმის ეგიდით თიბისი სტატუსმა დააფინანსა.
“თავშესაფრის გადარჩენის კამპანია დაიწყო ამერიკაში, შემდეგ საქველმოქმედო აქცია ჩატარდა თბილისშიც და საბოლოოდ, თიბისი ბანკის გვერდში დგომით თანხების მობილიზება მოხდა. ბანკმა აჩვენა, რომ მისი სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია და ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვისაც”,– ამბობს ძეგვის თავშესაფრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლენა კილაძე.
მონიტორზე ვიდეორგოლები ერთმანეთს ენაცვლება. სამივე პროექტი თიბისი სტატუსის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შეირჩა და საჭირო თანხებიც პირველ ეტაპზე მთლიანად თიბისი სტატუსმა გაიღო. სამივე პროექტის ჯამური დაფინანსება 90 000 ლარს აჭარბებს. ერთ-ერთი ინიციატივა მოზარდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება. მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის – “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულ ათ მოსწავლეს თიბისი სტატუსის სახელობის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნება.
ხელოვნური ინტელექტი, მზის ენერგიის გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები, “ცოცხალი” საკვები, “გონიერი ავზი” და ბევრი სხვა საინტერესო გამოგონება ქართველ სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. მოსწავლე-გამომგონებლების კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი” წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა – “შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მეცნიერებით მოზარდების დაინტერესებაა.
ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე კიდევ ერთი პროექტის დაფინანსება გადაწყდა. შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-ი, რომელიც დიზაინის, აუდიო–ვიდეო და მუსიკის სკოლას წარმოადგენს, თიბისი სტატუსის ქველმოქმედებით უახლეს აუდიოსისტემას შეიძენს, რაც სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ ამ სფეროში მსოფლიო სტანდარტების განათლება მიიღონ.
“ეს პროექტი ორ დიდ საქმეს ემსახურება. პირველი – ის ადამიანებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ ის ძირითადი თემები თუ პრობლემები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალურია, და მეორე – საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ პრობლემების მოგვარებაში. საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები აუცილებლად მიიღებენ საჭირო თანხებს, რაც მათ მომავლის შეცვლის საშუალებას მისცემს”, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი და გვიხსნის, რომ თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია.
თიბისი ბანკი ყოველწლიურად 4-5-მილიონიან დაფინანსებას ახორციელებს სხვადასხვა სოციალური, კულტურული, სპორტული თუ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად. 2016 წლიდან თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა, რითაც გააცხადა სურვილი და მზადყოფნა, გრძელვადიანად იზრუნოს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. CSR ინვესტიციების მხრივ, თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორიც გახლავთ Barclays-ი, HSBC და სხვა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ ონლაინპლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, თიბისი ბანკი კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით სოციალური და კულტურული პროექტების ხელშეწყობას, აქცენტი კი განვითარებაზე, მომავალი თაობის აღზრდასა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე გაკეთდება.