გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსსა და სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანია Nike-ს შორის 27-წლიანი თანამშრომლობა დასრულებულია. 1996 წლიდან მოყოლებული, ვუდსმა Nike-თან თანამშრომლობით $500 მილიონი გამოიმუშავა. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზები უცნობია.
Nike-თან $40-მილიონიანი კონტრაქტი გოლფის მოთამაშემ 1996 წელს გააფორმა. ასევე ხუთწლიანი, უკვე $100 მილიონის ღირებულების კონტრაქტი ვუდსა და ამერიკულ ბრენდს შორის 2001 წელს გაფორმდა. შემდგომ იყო რვა წელზე მეტხნიანი კონტრაქტი, $320 მილიონის ღირებულების, ბოლო, 10-წლიანი კონტრაქტი კი, რომელიც 2013 შედგა, $200 მილიონად იყო შეფასებული.
NBA-ის ვარსკვლავებისგან, მაიკლ ჯორდანისგან (1984 წლიდან) და ლებრონ ჯეიმსისგან (2003 წ.-დან) განსხვავებით, გოლფის ლეგენდას Nike-თან უვადო კონტრაქტი არ გაუფორმებია. 2003 წლიდან უვადო კონტრაქტი ამერიკულ ბრენდთან აკავშირებს მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენ კრიშტიანუ რონალდუსაც.
სპორტის სხვა ვარკვლავებს შორის, რომლებიც 20 წელზე მეტია, Nike-თან თანამშრომლობენ, ვხვდებით ჩოგბურთელ სერენა უილიამსს (2003 წ.-დან) და ბეისბოლის ყოფილ მოთამაშე დერეკ ჯეტერს (1999 წ.-დან). 20-წლიანი ნიშნულისთვის არ მიუღწევია Nike-ის მიერ კობი ბრაიანტთან (2003-2020 წწ) და კევინ დიურანტთან (2007 წ.-დან) გაფორმებული პარტნიორობების ხანგრძლივობას, მაგრამ მათი საკალათბურთო ფეხსაცმელების ხაზი ბრენდის ყველაზე პოპულარულ სპორტულ ფეხსაცმელებს შორისაა.
თუმცა ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა Nike-თან ჩოგბურთელ ჯონ მაკინროის აკავშირებს. 64 წლის სპორტსმენსა და ბრენდს შორის კონტრაქტი 1978 წელს, Nike-ის საჯარო კომპანიად დალისტვამდე ორი წლით ადრე გაფორმდა.