დიასახლისობის სოციალური სტიგმიდან ქალის დახსნის იდეა ახალი არაა, თუმცა საქართველოში ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით შეიმჩნევა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ზრდის პარალელურად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება საოჯახო საქმისა და სამუშაო გრაფიკის ერთმანეთთან შეთავსების საკითხი. ამ კითხვაზე ოპტიმალური პასუხი დროის რაციონალურად განაწილებაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ხშირად ვითარების განსამუხტავად ეს საკმარისი არაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. დიახ, ბავშვები ყველაფერს ართულებენ!
წარმოიდგინეთ კარიერული წინსვლის პერსპექტივით თავბრუდახვეული დედა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვის მოვლა უწევს. ასეთ დროს რთულია, მთელი ყურადღება ბავშვზე გადაიტანო და პროფესიული განვითარების მაცდურ წინადადებაზე უარი თქვა. მსგავსი სიტუაცია, ალბათ, ნებისმიერ მშობელს აურევს გზა-კვალს. თუმცა ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების გუნდი გამოსავალს გთავაზობთ – ეს სათამაშო დათუნია TeddyBot-ია.
როდესაც პროგრამულ ენაზე და ზოგადად, კომპიუტერულ ინჟინერიაზე საუბარს ვიწყებთ, მაშინვე ვინტონ სერფი ან დევიდ მილზი გვახსენდება, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ამ სფეროში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოვიაზროთ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ კომპიუტერულ ინჟინერიაში ქალების ადგილი არ არის, ძალიან ცდებით! TeddyBot-ის შემქმნელების გუნდი ამ სტიგმატიზებული მდგომარეობის გადალახვაში დაგეხმარებათ.
“კომპიუტერული ინჟინერიის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გვქონდა. ეს მისწრაფება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში ვსწავლობდით. როდესაც ასეთ სკოლაში სწავლობ, ლოგიკურია, რომ უფრო ტექნოლოგიებისადმი გაქვს მიდრეკილება”, – ანა ლომაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰაკათონის პროექტის ფარგლებში გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ისეთი მოწყობილობა, რომელიც მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვის მოვლას გაუმარტივებდა. ანა ლომაშვილის, ლანა რეხვიაშვილისა და ეკა დადიანის ერთი შეხედვით ამბიციური ჩანაფიქრი მალე რეალობად იქცა. ახალგაზრდა ინოვატორების გუნდმა სრულიად ახალი პროდუქტის, TeddyBot-ის, შექმნა გადაწყვიტა. “გუნდის თითოეულ წევრს გვყავს პატარა ძმა ან ახლობელი, რომელთანაც ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ისეთი მოწყობილობა შეგვექმნა, რომელიც მშობლებს ბავშვების მოვლაში დაეხმარებოდა”, – ანა ლომაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
სარეკლამო ბიზნესის გენიოსი და ერთ-ერთი პიონერი, კლოდ ჰოპკინსი, ფიქრობდა, რომ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ პასუხების მისაღებად საუკეთესო გზა მომხმარებლის აზრის გაგებაა. რთული სათქმელია, გაითვალისწინეს თუ არა TeddyBot-ის შემქმნელებმა ჰოპკინსის რჩევა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ავტორებმა მოწყობილობა საზოგადოების ყველაზე სპეციფიკურ სეგმენტზე, კერძოდ, ბავშვებზე, გათვალეს. თუ სათამაშო დათვებისადმი პატარების განსაკუთრებულ სიყვარულს გავითვალისწინებთ, ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც დათუნია.
TeddyBot-ის მართვა მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნიკალური Baby monitor-ია, რომლის საშუალებითაც დედას ბავშვისთვის თვალის დევნება ნებისმიერ დროს შეუძლია. საინტერესოა, რატომ უნდა შეიძინოს პოტენციურმა მომხმარებელმა TeddyBot-ი, როდესაც ბაზარზე Baby monitor-ით აღჭურვილი უამრავი პროდუქტი არსებობს? ბოლოს და ბოლოს პირველი Baby monitor-ი, სახელად “რადიოძიძა” (“Radio Nurse”), ჯერ კიდევ 1937 წელს გამოვიდა. საქმე ისაა, რომ TeddyBot-ში ინტეგრირებული Baby monitor-ი ბავშვის წლოვანებასთან ერთად ვითარდება.
“ჩვენი განსაკუთრებულება სწორედ ის არის, რომ სათამაშო დათუნია ბავშვის წლოვანებაზეა ორიენტირებული. ბავშვის ზრდასთან ერთად TeddyBot-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაში ემატება. TeddyBot-ი ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ამ პერიოდში განიცდის ბავშვი ყველაზე დიდ ცვლილებებს, ამიტომ სხვადასხვა ფუნქციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – ეკა დადიანი, TeddyBot-ის თანაავტორი.
აპლიკაციით მართული მოწყობილობა სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც მოიცავს, მათ შორის ბავშვთან ხმით ურთიერთობის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ლაპარაკსა და საპასუხო ხმის გაგონებაში გამოიხატება. სკოლამდელი ასაკის ბავშვის სწორი კვება ისევე აუცილებელია ჯანმრთელობისათვის, როგორც ფიზიკური აქტივობა, თამაში და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ბავშვის ზრდის ტემპთან ერთად კვების რაციონის დაცვას ვერ ახერხებენ, რაც სამომავლოდ გართულებებს იწვევს. მშობელი, რომელიც დაკავებულია, ყოველთვის ვერ ინიშნავს დროს, თუ როდის გამოკვებოს ბავშვი.
TeddyBot-ი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. ინოვაციური სათამაშო დათუნიას დახმარებით კვების რაციონის ზუსტი დაცვაა შესაძლებელი. მშობელს შეუძლია შეადგინოს განრიგი, თუ რა დროს რა უნდა აჭამოს ბავშვს ან რა პერიოდის შემდეგ უნდა მისცეს ესა თუ ის საკვები. საჭირო დროს TeddyBot-ი მშობელს შეტყობინებას გაუგზავნის და აცნობებს, რომ ბავშვის ჭამის დრო მოვიდა. გარდა ამისა, TeddyBot-ი მომხმარებლისთვის სეზონური ვირუსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც მშობელს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაში დაეხმარება. სათამაშო დათუნიას ძილის ანალიზის (Sleep analyze) ფუნქციაც გააჩნია. TeddyBot-ის სენსორი მთელი ღამის განმავლობაში სუნთქვის სიხშირით აღიქვამს, ძილის რომელ ფაზაშია პატარა. გაღვიძების მოახლოებასთან ერთად იცვლება სუნთქვის სიხშირეც. ამ დროს დათუნია მშვიდი მელოდიის დაკვრას იწყებს, რათა ბავშვმა ძილი განაგრძოს. “რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მოწყობილობას ყველა ეს ფუნქცია არა აქვს. ჩვენ გვსურს, ყველაფერი ტექნოლოგიებზე იყოს აწყობილი. მაგალითად, გვინდა 360-გრადუსიანი TeddyBot-ის კამერა, რაც, თავის მხრივ, ყველა კუთხის დანახვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. პროექტი ჯერჯერობით ტესტინგის რეჟიმშია. ჩვენ მოწყობილობის პროტოტიპის შექმნის ეტაპზე ვიმყოფებით”, – ამბობს ლანა რეხვიაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
საბოლოო პროდუქტის მიღება ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინოვაციური სათამაშო დათუნიას შემქმნელები მარტში ტალინში (ესტონეთი) გამართული Seed forum-ის შედეგად დაფინანსებას მოიპოვებენ. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ Seed Forum-ი არის ადგილი, სადაც ერთამანეთს ხვდებიან ინვესტორები და ის ადამიანები, ვინც თავისი იდეის დაფინანსებისთვის წყაროებს ეძებს. პროექტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ინვესტორთა უდიდესი გაერთიანების, Seed Forum Global-ის, წევრი საქართველო სულ ახლახან გახდა. ამ დროისთვის ორგანიზაციის წევრია 24 ათასი ინვესტორი, 45 ქვეყანა და 60 ქალაქი. სათამაშო დათუნიას შემქმნელები არ მალავენ, რომ უმთავრეს სტიმულად თბილისის Seed Forum-ზე მოპოვებული წარმატება იქცა, თუმცა მანამდე იყო მოწყობილობების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები. სირთულეების დაძლევაში პროექტის ავტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაეხმარათ. “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ჰაკათონის პროექტსა და თბილისის Seed Forum-ს შორის პერიოდში მოწყობილობის ჩვენება Expo Georgia-ში გაიმართა. ამას გარდა, სხვადასხვა გამოფენაზე გვქნოდა გატანილი პროდუქტი და უკვე პოტენციური მყიდველებიც გამოჩნდნენ”, – ამბობს ლანა რეხვიაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
TeddyBot-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ამბიციური პროექტი ისეთ პროდუქტად გარდაექმნათ, რომელსაც მყიდველები გამოუჩნდებოდა. თუმცა ამისთვის ჯერ ინვესტორების მოძიება იყო საჭირო. Seed Forum-ის კონფერენციაში მონაწილეობა სწორედ დაფინანსების მიღების სურვილმა განაპირობა. მართლაც, ინოვაციური სათამაშო დათუნიას მთავარი წარმატება თბილისში 2015 წლის 14 და 16 დეკემბერს გამართული Seed Forum-ი აღმოჩნდა. მიუხედავად დიდი კონკურენციისა (თბილისის Seed Forum-ში 17 საუკეთესო კომპანია მონაწილეობდა), TeddyBot-ის შემქმნელებმა შეძლეს და წარმატებას მიაღწიეს – TeddyBot-ი დასახელდა იმ სტარტაპად, რომელიც ტალინის Seed forum-ზე მიიღებდა მონაწილეობას. პროექტის შემქმნელებს ტალინის Seed forum-ზე, საკუთარ შანსებზე საუბარი უჭირდათ, თუმცა კონფერენციისგან მეტი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას ელოდნენ.
“ახლა რაც შეიძლება მეტი დაფინანსება გვჭირდება, რომ მოწყობილობის კარგი პროტოტიპი შევქმნათ და ჩვენი პროექტი განვავითაროთ.ტალინის Seed forum-ზე სწორედ დაფინანსების მოსაპოვებლად წავედით. დაფინანსების მოპოვების შანსი იზრდება, თუ ბევრ ინვესტორს დაელაპარაკები. Seed forum-ი კი სწორედ ის ადგილია, რომელიც სტარტაპებს ინვესტორებთან აკავშირებს. – ამბობს TeddyBot-ის თანაავტორი ეკა დადიანი.
ტალინის Seed forum-ის ფარგლებში გოგოების ვიზიტი 9 მარტს დაიწყო. TeddyBot-ის შემქმნელებს ესტონეთში გაცილებით დიდი კონკურენცია შეხვდათ, ვიდრე საქართველოში, თუმცა ინვესტორების დაინტერესება მაინც მოახერხეს. “ტალინში ვიზიტი მრავლისმომცემი იყო. პირველ რიგში უდავოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბავშვო ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, ჩვენი პროდუქტითაც ბევრი დაინტერესდა. იდეის ორიგინალურობიდან გამომდინარე, კითხვები გაჩნდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთნ დაკავშირებით, მოგვცეს რჩევები და გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რის საფუძველზეც ისევ ვაგრძელებთ კომუნიკაციას,” – ამბობს ანა ლომაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
როგორც ჩანს, გუნდი, TeddyBot-ის გაყიდვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ მოწყობილობა თავისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების წყალობით ბაზარზე მოთხოვნით ისარგებლებს. TeddyBot-ის ავტორები ახლა კონკურენტ სტარტაპებთან დაპირისპირებას იხსენებენ. “ძალიან უკვირდა ხალხს: გოგოები ხართ, აქ რატომ ხართ, აქ რა გინდათო. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ეჭვის თვალით გვიყურებენ, თუმცა, პროექტის წარდგენის შემდეგ ეს დამოკიდებულება, რასაკვირველია, შეიცვლება”, – ამბობს ანა ლომაშვილი, TeddyBot-ის თანაავტორი.
უამრავი სირთულისა და გამოწვევის გადალახვის შემდეგ სათამაშო დათუნიას შემქმნელები ისევ დაფინანსების მოლოდინში არიან. TeddyBot-ის ავტორებს კარგად ესმით, რომ სამომხმარებლო ბაზარზე დათუნიას დიდი კონკურენცია შეხვდება, თუმცა დაფინანსების მიუღებლობის შემთხვევაში გოგოები პროექტზე მუშაობის გაგრძელებას აპირებენ.
Teddy bot-ის ავტორებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სახელად Teddy bot-ი დაარქვეს, სათამაშო დათუნიას შემქმნელები შემდგომში სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოშვებას არ გამორიცხავენ.