ელექტრონული კომერციის კომპანია PDD Holdings-ის დამფუძნებელი, კოლინ ჰუანგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. Forbes-ის მონაცემებით, ჰუნგმა ლიდერობა Nongfu Spring-ის დამფუძნებელ ჭონგ შანშანს ჩამოართვა და ჩინეთში მილიარდერების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის ჰუანგი $48.6-მილიარდიანი ქონებით ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია, ჭონგ შანშანი კი, $46.6 მილიარდით მეორე პოზიციას სჯერდება. 44 წლის ჰუანგმა PDD Holdings-ის თავმჯდომარის პოსტი 2021 წელს დატოვა. თუმცა მისი სიმდიდრე კომპანიაში წილის საშუალებით პოსტის დატოვების შემდეგაც გაიზარდა.
PDD Holdings-ი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს, ძირითადად, მისი დაბალი ფასებით იზიდავს. კომპანიის აქციები Nasdaq-ზეა დალისტული. PDD Holdings-ი 2015 წელს დაარსდა და ბოლო მონაცემებით, მისი ღირებულება $185 მილიარდს აღწევს.
მიმდინარე წელი PDD Holdings-ისთვის ფინანსურად წარმატებული გამოდგა. პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 131%-ით, $12 მილიარდამდე გაიზარდა, მოგებამ კი თითქმის $4 მილიარდს მიაღწია. ამის საპირისპიროდ, ჭონგის Spring-ის აქციათა ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 34.5%-ით დაეცა.
PDD Holdings-ის ბოლოდროინდელი ზრდა უმეტესად კომპანიის საკუთრებაში არსებული სავაჭრო პლატფორმის – Temu-ს დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია, სავარაუდოდ, ახალი გამოწვევების წინაშე დადგება. ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, მონოპოლიური საკითხების გამო, შესაძლოა მარეგულირებელი ორგანოების შემოწმების საგანი გახდეს.