Tesla-მ ინდონეზიიდან ნიკელის პროდუქტების შესაძენად $5-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Tesla-მ ინდონეზიიდან ნიკელის პროდუქტების შესაძენად $5-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ამერიკულმა ავტომობილების მწარმოებელმა Tesla-მ, ნიკელის პროდუქტების შესაძენად $5-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. ელექტრომობილების მწარმოებელი ბატარეებისთვის მასალას ინდონეზიის ნიკელის გადამმუშავებელი კომპანიებისგან შეისყიდის.

ინდონეზიას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმსხვილესი ეკონომიკაა, ნიკელის უდიდესი მარაგი აქვს. ქვეყანა ცდილობს Tesla მათ ტერიტორიაზე მწარმოებელი ქარხნის შექმნაში დაარწმუნოს. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო მიმდინარე წლის დასაწყისში Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკსაც შეხვდა და ინვესტიციების გაძლიერების შესახებ ესაუბრა.

საზღვაო და საინვესტიციო საკითხებში ინდონეზიის კოორდინატორმა მინისტრმა, Tesla-ს მიერ ინდონეზიიდან პროდუქციის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კვლავ მუდმივი მოლაპარაკებების პროცესშია ავტომწარმოებელთან. მინისტრის განცხადებით, Tesla-მ ნიკელის გადამმუშავებელ კომპანიებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. Tesla ნიკელის მასალებს ლითიუმის ბატარეებში გამოიყენებს.

ინდონეზიას, ელექტრომობილებისა და ბატარეების  ინდუსტრიის საკუთარ ტერიტორიაზე განვითარება სურს, ამ მიზეზით ხელისუფლებამ ნიკელის მადნის ექსპორტი შეაჩერა. ამ ნაბიჯით, ქვეყანამ წარმატებით მოიზიდა ინვესტიციები ჩინური ფოლადის გიგანტებისა და სამხრეთ კორეული კომპანიებისგან, მათ შორის LG-ისა და Hyundai-სგან.

ცნობისთვის, ამ დრომდე, ნიკელის ინვესტიციების უმეტესობა ნედლი ლითონის წარმოებისთვის გამოიყენებოდა. ინდონეზიის მთავრობა, შემოსავლის ზრდისა და მაღალი ღირებულების პროდუქციის შიდა წარმოების ზრდისთვის, ამ ლითონებზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას გეგმავს.