თბილისის „დინამოს“, ყველაზე მეტად, ფინანსები სჭირდება - რომან ფიფია

თბილისის „დინამოს“, ყველაზე მეტად, ფინანსები სჭირდება - რომან ფიფია

„თბილისის „დინამოს“ სჭირდება ის, რაც სჭირდება ქართულ ფეხბურთს – ფინანსები“, – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ მფლობელმა, რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბს დღეს ყველაფერი აქვს, გარდა ფინანსებისა და მის მიერ „დინამოს“ გაყიდვა სწორედ დამატებით ფინანსური რესურსების მოძიებას უკავშირდება.

„აუცილებელია გუნდში ჩამოყალიბდეს ისეთი ტენდენცია, რომ „დინამოს“ მუდმივად ჰყავდეს ძალიან ტექნიკური და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები. ყველაფერი დანარჩენი „დინამოს“ აქვს – ჩვენი აკადემიის ის ახალგაზრდები, რომლებიც გუნდს ავსებენ, სავსებით საკმარისია. თუმცა, ამას რეალურად, ფინანსები სჭირდება“, – განაცხადა ფიფიამ.

რომან ფიფიამ ისიც აღნიშნა, რომ გუნდის სრულად და ნაწილობრივად გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს უცხოელ სუბიექტებთან აწარმოებს, რადგან, როგორც ირკვევა, დღეს, ქართველი ინვესტორები „დინამოს“ შეძენით არ ინტერესდებიან. დაინტერესებული მხარეების ვინაობაზე რომან ფიფია არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ სასურველი იქნებოდა „დინამო“ ისეთ ქართველ ინვესტორს შეეძინა, რომელიც კლუბის სათანადოდ განვითარებას შეძლებს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არის რამდენიმე გამოხატული ინტერესი, როგორც კლუბის მთლიანად გასხვისებასთან, ასევე პარტნიორობასთან დაკავშირებით. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოდან არავის გამოუხატავს ინტერესი – არც იმ ხალხს, ვისაც შეუძლია „დინამოში“ უფრო მეტი საშუალებები ჩადოს და ის განვითარების სხვა ეტაპზე გაიყვანოს“,  – ამბობს რომან ფიფია. ბიზნესმენმა დასძინა, რომ “დინამოს” შეძენით ერთი “არასასურველი” ქვეყნის წარმომადგენელიც ინტერესდება, მაგრამ იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყანა იგულისხმება, არც ფიფია და არც კლუბის წარმომადგენელი, კომენტარს არ აკეთებენ.

ბიზნესმენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბით დაინტერესებული ინვესტორი კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, ფიფია მზად არის მას კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა დაუთმოს. როგორც Forbes Georgia-სთან საუბრისას თბილისის „დინამოს“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზუკა რუხაძემ განმარტა, ეს შემოთავაზება ძალაში იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ინვესტორი კლუბის მინორიტარული პაკეტის წილის მფლობელი იქნება.

თუ ინვესტორი დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ „დინამოში“ ჩემი პარტნიორი გახდეს, მზად ვარ მას [კლუბის] პრეზიდენტის თანამდებობა დავუთმო. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანი მაკონტროლებელი [წილის მფლობელი] იყოს“, – ამბობს ფიფია, რომელიც დასძენს, რომ პირველ რიგში, „დინამოს“ კეთილდღეობა სურს.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ინტერვიუში რომან ფიფიამ იმ პროგრესზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის „დინამომ“ მისი მფლობელობის დროს განიცადა. წარმატებულ პროექტებს შორის ფიფია კლუბის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და სპორტულ აკადემიას ასახელებს, რომელიც 2013 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა.

„მამარდაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, რომელიც ტოპ-ჩემპიონატში გადავიდა და სულ ახალი თემა, რომელიც ძალიან მალე გახდება სასიხარულო ამბავი ჩვენი ქომაგისთვის – პარკაძე, რომელთან დაკავშირებით საქართველოს ისტორიაში პირველად „დინამოდან“ პირდაპირ მიუხენის „ბაიერნში“ გავაკეთეთ ტრანსფერი. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს?.. დღეს, საქართველოს ნაკრები მათზე დგას“, – ამბობს ფიფია.

შეგახსენებთ, რომ ფიფიამ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბის, თბილისის „დინამოს“ გაყიდვის შესახებ მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა. იმ დროს, რომან ფიფიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ მზად იყო თბილისის „დინამო“ სააქციო საზოგადოების ფორმით, სხვადასხვა ბიზნეს და სოციალური წრეების წარმომადგენელ ადამიანებთან და კომპანიებთან ერთად ემართა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ თბილისის „დინამოს“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საფეხბურთო კლუბის აქტივები 13.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კლუბის ვალდებულებები 16.5 მილიონი ლარია. მთლიანობაში, გასულ წელს კომპანიამ 13.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო და 5.9 მილიონი ლარის მოგება დადო.