ბოლო სამ თვეში თბილისის უმეტეს უბნებში Airbnb-ზე განთავსებული აპარტამენტების ფასი შემცირდა. Property Georgia-ს მონაცემებით, აგვისტოში, მაისთან შედარებით, ფასი მხოლოდ ორ უბანში – ვაკესა და ვარკეთილში გაიზარდა. თბილისის სხვა უბნებში კი ფასი შემცირებულია.
კერძოდ, ერთი დღით Airbnb-ს პორტალზე აპარტამენტის დაქირავება ყველაზე ძვირი ვაკეშია და ის საშუალოდ 51 დოლარს შეადგენს, რაც მაისთან შედარებით 2%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ფასის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს საბურთალო და დიღომი, სადაც საშუალო ფასი დღეში 43 დოლარია. საბურთალოზე მაისში ფასი 10%–ით მეტი – 48 დოლარი იყო, დიღომში კი 2%–ით მეტი 44 დოლარი.
აგვისტოში 41 დოლარამდე შემცირდა აპარტამენტის ერთი დღით დაქირავების საშუალო ფასი მთაწმინდაზე. მაისში მთაწმინდაზე ერთი დღის ფასი 9%–ით მეტი 49 დოლარი იყო.
შემცირებულია ფასი ორთაჭალაშიც. ამ უბანში Airbnb-ზე განთავსებული აპარტამენტის საშუალო ფასი დღეში 39 დოლარია. მაისთან შედარებით ორთაჭალაში აპარტამენტების ფასი 5%–ით შემცირდა.
17%–ით შემცირდა ფასი ისანში, სადაც ერთი დღით აპარტამენტის დაქირავების საშუალო ფასი 38 დოლარია. ეს მაჩვენებელი მაისში 46 დოლარი იყო.
საშუალოდ 37 დოლარია აპარტამენტების ფასი კრწანისში, რაც მაისთან შედარებით, 4 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.
საშუალოდ 33 დოლარად არის შესაძლებელი ერთი დღით ბინის დაქირავება გლდანში.
15%–ით გაიზარდა ფასი ვარკეთილში და დღეში საშუალოდ 30 დოლარი გახდა, რაც თბილისის უბნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.