სილქნეტის აქციონერებმა მოიწვიეს ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი, რომელსაც იურიდიული მოღვაწეობის 25-ზე მეტი წლის პრაქტიკა აქვს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. საერთაშორისო იურიდიული სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებით თედ ჯონასი არის საქართველოში ბიზნესის და საფინანსო სფეროებში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის იურისტი.
თედ ჯონასის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, მთავარი ფუნქცია იქნება კომპანიის კორპორატიული მართვის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში დახმარება.
“სილქნეტის ბიზნესი იზრდება და შესაბამისად იზრდება ჩვენი ფინანსური მოთხოვნები”, – განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
თედ ჯონასი თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოში იურიდიული ფირმის DLA Piper-ის დირექტორი და ამჟამად უკავია უფროსი მრჩეველის თანამდებობა ასევე მსოფლიოს უმსხვილეს იურიდიულ კომპანიაში, Dentons-ში, რომელმაც 2017 წლის მაისში გადაიბარა საქართველოში DLA Piper-ის იურიდიული პარქტიკა. 11-ზე მეტი წლის განმავლობაში თედი იყო სილქ როუდ ჯგუფის და მისი შვილობილი კომპანიების სანდო იურიდიული მრჩეველი. ამიტომ ის უერთდება სილქნეტს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელმაც კარგად იცის კომპანია და მისი საქმიანობა.