თიბისი ბანკის გზა პრემიუმ სეგმენტის ინვესტორებამდე

თიბისი ბანკის გზა პრემიუმ სეგმენტის ინვესტორებამდე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებიდან ორი წლის შემდეგ, 23 სექტემბერს თიბისი ბანკმა ამავე ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. შემდეგი სამიზნე FTSE-250-ია, ყველა ეს ქმედება ერთად აღებული კი – სიკეთის მომტანი როგორც ბანკისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი შაგიძე ჯერ კიდევ 2012 წელს ბანკის პოტენციურ ინვესტორთან Deutsche Bank-თან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

ეს ის პერიოდია, როდესაც თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის ემზადებოდა და წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. Roadshow-ებს ანუ პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს აწყობდა.

სწორედ ასეთი შეხვედრა იყო ერთ-ერთი გლობალური ბანკის მოწვევით ამერიკელ ინვესტორთან, რომელსაც თიბისის მენეჯმენტი საქართველოს საბანკო სექტორს აცნობდა, რათა ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყნის ბანკში ინვესტირება ხელსაყრელია. ქალბატონი პრეზენტატორებს ყურადღებით უსმენდა, თუმცა მათ გასაკვირად, გარკვეული პერიოდულობით სვამდა კითხვას:

– So where are you from? („კიდევ ერთხელ, საიდან ხართ?“)

რამდენჯერმე ერთი და იმავეს გამეორების შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ ინვესტორს პასუხი უფრო დაუკონკრეტა:

– გახლავართ ქვეყნიდან, სახელად Georgia.

 – მეც არ ვიფიქრე, ჯორჯიის შტატისთვის რა საინტერესო აქცენტით საუბრობთ?! –  მიუგო ინვესტორმა.

როგორც ჩანს,  2012 წელს საქართველოს და მის საბანკო სექტორს კიდევ უფრო ნაკლებად იცდნობდნენ, ვიდრე დღეს.

ორი წლის შემდეგ, 2014 წლის 11 მაისს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა და 18 მილიონ აქციაზე მეტის ბირჟაზე განთავსებით ბანკის კაპიტალიზაცია 640 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

წარმატებულმა IPO-მ აჩვენა, რომ კვარტალში საშუალოდ 50-მდე ინვესტორთან შეხვედრამ თავისი საქმე გააკეთა – ინვესტორებმა საქართველოს შესახებაც მეტი გაიგეს და ქვეყნის საბანკო სექტორსაც გამოუცხადეს ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჯერზე მათ დასარწმუნებლად თიბისი ბანკის მენეჯმენტს სულ ერთი საათი ჰქონდა და ამ ერთი საათის განმავლობაში საუბრის თემა იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ როგორ ვითარდებოდა იმ დროისთვის მოვლენები ქვეყანაში.

“შარშანდელი შეხვედრებისას 45 წუთის განმავლობაში ინვესტორებთან მხოლოდ ლარის კურსზე ვსაუბრობდით. წელს ალბათ 20 წუთი არჩევნებზე ვილაპარაკებთ”, – ვარაუდობს გიორგი შაგიძე,

მისივე თქმით, ინვესტორებს სრული სურათის დანახვა აინტერესებთ, მათ შორის ის, თუ რამდენად რეფორმირებული ქვეყანაა საქართველო. ჩვენ მათ ვუყვებით, რომ საქართველოში  კარგი საინვესტიციო კლიმატი და მოქნილი საგადასახადო რეჟიმია, კორუფციის დაბალი დონე, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა -ეს ყველაფერი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „საქართველოში საბანკო სექტორს ზრდის მართლაც დიდი პოტენციალი აქვს, ეს  მაშინ როდესაც ევროპაში წლიურად 15-20%-იანი ზრდა ამ სექტორში თითქმის შეუძლებელია,“_ ამბობს გიორგი შაგიძე.  

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას რომ პირდაპირი ზეგავლენა აქვს აქციების ფასზე,  ეს არაერთხელ დადასტურდა. თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე გვიყვება,  რომ შარშან, როდესაც ქართულმა ლარმა გაუფასურება დაიწყო, ლონდონში თიბისი ბანკის აქციების ფასი თითქმის განახევრდა, რადგან ჯერ ერთი აქცია დოლარში იყო კვოტირებული და მეორე ინვესტორებმა სასესხო პორტფელების ხარისხის გაუარესების რისკი დაინახეს,  „მიუხედავად ამისა, ბანკმა შეძლო ძალიან რთული 2015 წელი მოკლევადიანი, სწორი გადაწყვეტილებებით ისე გადაეტანა, რომ მიმდინარე წელს კვლავ ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის,.“_ ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

“ეკონომიკის და ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად, სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა და მიწოდების მხრივ, ჩვენც  უფრო შევარბილეთ სესხის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები, განსხვავებით შარშანდელი სიტუაციისგან, როცა პირიქით, გავამკაცრეთ პოლიტიკა, რადგან არ გვინდოდა იმ სიტუაციაში დიდი მოცულობის სესხები გაგვეცა,” – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

9 თვიანი მზადებისა და ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ფინანსური და კორპორაციული მართვის ანგარიშების წარდგენის შემდეგ, ბრიტანულმა Barclays-მა თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქციის პრემიუმ სეგმენტში განთავსება უზრუნველყო.

“როცა სხვა ქართულ კომპანიას დასჭირდება აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება, არ აქვს მნიშნველობა ლონდონში იქნება ეს ვარშავაში თუ ნიუ-იორკში, მას დახვდება ინვესტორთა გამზადებული ბაზა და აღარ დასჭირდება იმის ახსნა, თუ რომელი Georgia-დან არის,” – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი შაგიძე.

“პრემიუმ ლისტინგი, ეს არის ურთიერთობის ახალი ეტაპი,” – მიიჩნევს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ახალ ეტაპში“ განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და  აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას გულისხმობს. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ავტომატურად ნიშნავს კაპიტალის გაიაფებას, ცნობადობის ზრდას და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში კიდევ ერთ ქართულ ბანკს, რომელიც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს, ანუ კიდევ უფრო სტაბილური და გამჭვირვალეა.

„თუ აქამდე ჩვენი ძირითადი ინვესტორები განვითარებდი ბაზრებით დაინტერესებული ინვესტორები იყვნენ, პრემიუმ ლისტინგში გადასვლა გვაძლევს საშუალებას, რომ ბრიტანულმა ფონდებმაც დაიწყონ ინვესტიციების ჩადება ჩვენს ბანკში, რაც ერთი მხრივ, ზრდის ქვეყნის ცნობადობას და მეორე მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი აქციების ლიკვიდურობის ზრდას,“- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიზე.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადასვლით თიბისი ბანკმა ისეთი უმსხვილესი ბანკების გვერდით დაიკავა საპატიო ადგილი, როგორებიცაა Barclays, Lloyds და HSBC, ხოლო მისი აქციები კიდევ უფრო საინტერესო გახდა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ივესტორთა წრისათვის. მიუხედავად ამისა, ბანკი მიღწეულით არ კმაყოფილდება და უახლოეს მომავალში FTSE-250-ის ინდექსშიც სურს დაიკავოს საკუთარი ადგილი, რაც საშუალებას მისცემს მეტი პრემიუმ სეგმენტის ინვესტორის დაინტერესებით აქციების ლიკვიდურობა კიდევ უფრო გაზარდოს.