თიბისიმ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

თიბისიმ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

თიბისიმ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ  ინფორმაცია მსოფლიოს Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გავლენიანმა ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ საქართველოში უმსხვილესი ბანკი სპეციალურად მიიწვია ღონისძიებაზე, რათა მას თავისი გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა.

კონფერენციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ესწრებოდნენ, საქართველოს მხოლოდ ერთი კომპანია – თიბისი წარმოადგენდა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მისმა მოადგილემ ნიკა ქურდიანმა წარადგინეს.

მათი პრეზენტაცია თიბისის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხებოდა.

„კონფერენციის მონაწილეებს ბევრი რამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია – ისტორიულად როგორ მოვედით დღემდე და რა პროექტებზე ვამახვილებდით ყურადღებას, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ მყარადაა დაფუძნებული ჩვენს მისიასა და ხედვაზე და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ვდგამთ დიდ სტრატეგიულ ნაბიჯებს“, – აღნიშნავს Forbes-სთან საუბრისას ვახტანგ ბუცხრიკიძე და ამის მაგალითებად პირველი ციფრული ბანკის Space-ის შექმნა, უზბეკეთში ექსპანსია და ბანკის ეჯაილ-ტრანსფორმაცია მოჰყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია ბოლო წლების ბანკის ისტორიაში.

Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი კომპანიები ესწრებიან. წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მომხსენებლად თიბისი მიიწვიეს და ეს ალბათ ბოლო პერიოდში კომპანიის მნიშვნელოვანი მიღწევებიდან გამომდინარეობს.

მომხსენებლებს, როგორც წესი, კონფერენციაზე ყველაზე წარმატებული, ახლახანს განხორციელებული მაგალითები  მოჰყავთ.  კონფერენციაზე მოსმენილ წარმატებულ „ქეისებს“ კი შემდეგ სხვა კომპანიებიც ნერგავენ თავიანთ საქმიანობაში.

„ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ქართული ბანკი ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის  ღონისძიებაზე წარმატების ისტორიას და მაგალითებს სხვებს უზიარებს. ძალიან ბევრი უცხოელი გვიკავშირდება და გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას, რაც ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენცია რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.