ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების გამოყენებით მარცვლეულის – სიმინდი, ქერი, სოია – წარმატებით მოყვანისა და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და კლიმატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპროცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის 100%–იან იმპორტს ახორციელებს.
მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.
მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5-წლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა მარცვლეულის გადამმუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე, ZANAGRO-მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა.
„2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი მომსახურების მიმართულებითაც განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს, ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე – მარცვლეული ინესტებოდა და ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება, შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი – მეტი. თავიდან ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდათან დარწმუნდნენ მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,“ – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა.
გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO თიბისის მხარდაჭერით მიწათმოქმედებს ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან.
თიბისის დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28 ტონამდე შემცირებას გეგმავს.
კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც ZANAGRO ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს. S