გასულ კვირას რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის მხრიდან თურქეთისათვის F-16-ების შეძენის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქვეყანა ალტერნატიულ ვარიანტებს, მათ შორის რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებსაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ ივლისში თურქებისათვის F-16-ების მიყიდვის პროცესი ხელოვნურად გაართულა და კიდევ ერთი წინაღობა შექმნა. ამერიკული საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, პრეზიდენტმა ბაიდენმა მათ წინაშე უნდა დაამტკიცოს, რომ თურქეთისათვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი არგუმენტაცია და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თურქეთი აღნიშნული თვითმფრინავებით საბერძნეთის საჰაერო სივრცეს არ დაარღვევს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის კანონმდებლებს თურქებისათვის F-16-ების მიყიდვის აუცილებლობაში დაარწმუნებს. საკუთარ განცხადებაში კი თურქეთის პრეზიდენტმა სწორედ ბაიდენის მზაობა გაიხსენა. თუმცა, დამატებით აღნიშნა, რომ აშშ არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს ყიდის. „მათ (თვითმფრინავებს) დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთიც ყიდიან“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის თაობაზე სიგნალს სხვა ქვეყნები უკვე უგზავნიან. აღნიშნული განცხადება საინტერესოდ ემთხვევა უზბეკეთში პუტინისა და ერდოღანის ორმხრივ შეხვედრას.