თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტამბოლში ხუთი ახალი ხაზის მშენებლობას აგრძელებს. მალე კიდევ ორი 9-კილომეტრიანი პროექტი დაიწყება. სტამბოლი მსოფლიოს ერთ–ერთი დიდი მეგაპოლისია 18-მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, სატრანსპორტო პრობლემები მისთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა.
სამინისტროს განცხადებით, ამჟამად შემდეგი პროექტები მიმდინარეობს: ბაშაქშეჰირ–კაიაშეჰირის; გაიარეტეფე–სტამბოლის აეროპორტის; ჰალკალი–სტამბოლის აეროპორტის; ბაკიორქოი–კირაზლისა და სხვა. მეტროს პროექტები სტამბოლის მცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის უფრო კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
ბაშაქშეჰირ–კაიაშეჰირის პროექტი უფრო სწრაფ, ეკონომიურ და უსაფრთხო ტრანსპორტს უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრსა და გასულ წელს ამოქმედებულ ჩამ საკურას საავადმყოფოს შორის. სამინისტროს განცხადებით, 6.2-კილომეტრიანი ხაზი ყოველდღიურად მილიონ მგზავრს მოემსახურება.
მნიშვნელოვანი პროექტია გეირტეფი–სტამბოლის აეროპორტის მეტროს ხაზი. დასრულების შემდეგ ის დაახლოებით 600000 ადამიანს მოემსახურება. 2022 წლის ბოლოსთვის გაიხსნება ჰალკანი–სტამბოლის აეროპორტის ხაზი, რომელიც სტამბოლის ერთ–ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანს სტამბოლის აეროპორტთან 31.5-კილომეტრიანი მეტროს ხაზით დააკავშირებს. მგზავრობის დრო მაქსიმუმ 30 წუთი იქნება.
თავშანტეფე–საბიჰა გოქჩენის აეროპორტის ხაზი არსებულ კადიკოი–კაიანარკას მეტროს ხაზს დაუკავშირდება და ანატოლიის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტად იქცევა. ეს პროექტი ანატოლიის მხარეზე მოძრაობის დატვირთვას საგრძნობლად შეამცირებს. 7.4-კილომეტრიანი მეტროს ხაზით ყოველდღიურად 1.2 მილიონი მგზავრი ისარგებლებს. ხაზი ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლოდან შევა.
მთავარ სატრანსპორტო არტერიებში განხორციელებული პროექტების დასრულების შემდეგ, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტების გაგრძელებას სტამბოლის სხვადასხვა ნაწილში გეგმავს.