თურქეთის საფონდო ბირჟის მმართველი დირექტორი გადადგა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. Borsa Istanbul-ის მმართველმა ჰაკან ატილამ გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა. დირექტორთა საბჭომ მისი გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ატილა თურქეთში 2019 წლის ივლისში, ამერიკაში სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. მას 2018 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და ამერიკული სანქციების თავიდან არიდებაში, ასევე ირანის დახმარებაში დასდო. საუბარი იყო 2012-2013 წლებზე, როდესაც ატილა თურქული Halkbank-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ატილა 2019 წლის ოქტომბერში საფონდო ბირჟის ხელმძღვანელად მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა დანიშნა. ალბაირაკი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა, რომელმაც მინისტრის პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ალბაირაკის გადადგომას წინ უძღოდა თურქული ლირის გაუფასურება და ცენტრალური ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა. ერდოღანის სიძე ლუფტი ელვანმა და ახალმა ეკონომიკურმა გუნდმა ჩაანაცვლა. შეიცვალა ცენტრალური ბანკის მმართველიც, რომლის პოზიციასაც ახლა ნაჯი აგბალი იკავებს.
„თუ ამის მიზანი იმის გაცნობიერებაა, რომ წამყვან ინსტიტუტებში ახალი სახეებია საჭირო, ატილას გადადგომა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯის წაშლას“, – განაცხადა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Teneo Intelligence-ის თანახელმძღვანელმა ვოლფანგო პიკოლიმ.
საფონდო ბირჟა Borsa Istanbul-ის მფლობელი თურქეთის სუვერენული ფონდია. თუმცა გასულ წელს ბირჟის 10%-იანი წილი $200 მილიონად Qatar Investment Authority-მა შეიძინა.
Borsa Istanbul-ის აქციონერთა წლიური შეხვედრა 26 მარტსაა დაგეგმილი.