თვითმფრინავში პირბადით მოსარგებლე მგზავრებისთვის დაინფიცირების შესაძლებლობა მინიმალურია – კვლევა

თვითმფრინავში პირბადით მოსარგებლე მგზავრებისთვის დაინფიცირების შესაძლებლობა მინიმალურია – კვლევა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თვითმფრინავში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შანსი მინიმალურია, როდესაც მგზავრებს პირბადები უკეთიათ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ასობით ცდა ჩაატარეს United Airlines-ის ორი ტიპის თვითმფრინავში: მათ დააორგანიზეს 12-საათიანი ფრენის სიმულაცია, როგორც ხმელეთზე ასევე ჰაერში, რათა გამოეკვლიათ მგზავრებს შორის ვირუსის გავრცელების ალბათობა. ამის დასადგენად, მეცნიერებმა აეროზოლები გამოიყენეს, რომლებიც ათასობით დახველების ექვივალენტია. აეროზოლიდან გაფრქვეული ნივთიერების მეშვეობით, მეცნიერებმა ულტრაიისფერი სხივებით გაფრქვევის ტრაექტორია დააფიქსირეს.

“ჩვენი კვლევა ადასტურებს იმას, რომ პირბადეები ვირუსის გავრცელებას აფერხებენ,” – წერს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ცდებს ატარებდა, – “ვირუსის გავრცელება უფრო მარტივია არა ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ დიდი ზომის წვეთებით და ფეკალური  კონტამინაციით, რაც უფრო შესაძლოა საპირფარეშოებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.”

ამასთან, მეცნიერების თქმით, თვითმფრინავში ჰაერი იმაზე უფრო ხშირად იფილტრება, ვიდრე საავადმყოფოებში. იმისათვის, რომ თვითმფრინავში ჰაერის 99.9%-იანი განწმენდა მოხდეს, საჭიროა მხოლოდ 6 წუთი.

თუმცა, მკვლევარებმა ისიც აღნიშნეს, რომ ცდაში მათ არ ჩაურთავთ იმის შესაძლებლობა, რომ მგზავრმა საკვების მიღების შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას პირბადე. “კვლევაში თვითმფრინავში მკვეთრი მოძრაობა არ გამოგვიცდია, რაც ჰაერის ცვლილების კოეფიციენტს ცვლის,” – დასძინეს მეცნიერებმა.

შეგახსენებთ, პანდემიის შედეგად არაერთმა ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირე შეამცირა. გარდა ამისა, ადამიანებისთვის, რომლებიც თვითმფრინავით მგზავრობენ, სხვადასხვა ავიაკომპანიამ არაერთი ახალი რეგულაცია შემოიღო. მათ შორისაა პირბადის ტარება, რეგისტრაციის გავლისას დისტანციის დაცვა და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *