ტრამპმა ამერიკული გამანადგურებლის კონტრაქტორად Lockheed Martin-ის ნაცვლად Boeing-ი აირჩია

ტრამპმა ამერიკული გამანადგურებლის კონტრაქტორად Lockheed Martin-ის ნაცვლად Boeing-ი აირჩია

აშშ-ის საჰაერო ძალების უახლესი მულტიფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის წარმოების კონტრაქტი დონალდ ტრამპმა Lockheed Martin-ის ნაცვლად Boeing-ს გადასცა. ავიაპარკში არსებულ F-22 Raptor-ების ჩასანაცვლებლად ახალი თაობის გამანადგურებლები „მომდევნო თაობის საჰაერო დომინაციის პროგრამის“ ფარგლებში აიგება.

უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ახალი საბრძოლო თვითმფრინავის სახელი, ქვეყნის 47-ე პრეზიდენტის თანახმად, F-47 იქნება. ახალი გამანადგურებლის პრეზენტაცია თავად დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისიდან ქვეყნის თავდაცვის მდივანთან ერთად წარადგინა. მისივე განმარტებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა „ძალიან ბევრი“ საფრენი აპარატის შეკვეთა გასცა. ერთი ერთეული საფრენი აპარატის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „ჩვენი მოკავშირეები მუდმივად გვირეკავენ, მათაც სურთ გამანადგურებლების შეძენა“, – განაცხადა ტრამპმა და საფრენი აპარატის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაზეც მიანიშნა.

გასული წლის განმავლობაში მომხდარი ინციდენტების გამო მნიშვნელოვნად დაზარალებული Boeing-ის აქციათა ფასი სიახლის გამოცხადების შემდეგ 5%-ით გაიზარდა. Lockheed Martin-ის აქციათა ფასი კი საფონდო ბირჟაზე 7%-ით შემცირდა. კომერციულ და სამხედრო ტექნიკის ბიზნესში ჩამორჩენილი Boeing-ისთვის ახალი კონტრაქტის მოპოვება მნიშვნელოვანი მიღწევაა. Lockheed Martin-ისთვის კი, რომელმაც საზღვაო ძალებისთვის მომდევნო თაობის გამანადგურებლის შექმნის კონტრაქტიც დაკარგა, კონტრაქტის წაგება მნიშვნელოვანი რეპუტაციული და ფინანსური დარტყმა იქნება.

არსებული ინფორმაციით, Boeing-ის მიერ მოპოვებული კონტრაქტის ღირებულება, რომელიც საინჟინრო და საწარმოო განვითარების მიმართულებებს ითვალისწინებს, $20 მილიარდს შეადგენს. პოტენციურად კი რამდენიმე ათწლეულზე გათვლილი კონტრაქტით Boeing-ი როგორც შეერთებული შტატებისგან, ისე მოკავშირე სახელმწიფოებისგან რამდენიმე ასეული მილიარდის ღირებულების შეკვეთებს მიიღებს.