წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ

ყველა ახალგაზრდისათვის მნიშვნელოვანია კარგი განათლების მიღება, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაერთიანება და საკუთარი თავის დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს არცთუ ისე ადვილი პროცესია, განსაკუთრებით, თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ და უცხო გარემოში ცდილობ შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას. ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდები ამგვარ სირთულეებს და თავიანთი წარმატების როგორი ისტორიები აქვთ.

მინდა, წარმოგიდგინოთ 35 წლის თამარ მელიქიშვილი, რომელიც სამი წელია, ქართული კომპანია “აპტოსის” ევროპის ოფისს ხელმძღვანელობს. არის ქართული სათვისტომო “ივერიის” დამფუძნებელი, ასევე “ქართულ-ჩეხური ცენტრის” დამფუძნებელი.

                

თამარმა ჩეხეთში სწავლის გაგრძელება ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა. შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ადვილი არ ყოფილა. თავდაპირველად ფინანსურად საკმაოდ გაუჭირდა, სწავლის პარალელურად მუშაობდა 24-საათიანი რეჟიმით, რთული იყო სხვებთან თანაცხოვრებაც… მაგრამ საბოლოოდ ყველა წინააღმდეგობა გადალახა – არის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრი, ფლობს ჩეხურ, სლოვაკურ, რუსულ და ინგლისურ ენებს. დაახლოებით უკვე ექვსი წელია, რაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი წარმატებებია. დღეს ის  პრაღის ესთეტიკური მედიცინის კომპანია “აპტოსის“ ევროპის ოფისის ხელმძღვანელია.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს და მისი წარმატების ისტორიას.

რა სირთულეებს შეხვდით ჩეხეთში ჩამოსვლისას?  

ძალიან ცუდ პერიოდში წამოვედი საქართველოდან 150 დოლარით – დედამ შემიგროვა. პირველივე დღიდან სასტუმროში დავიწყე მუშაობა, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ძალიან მიჭირდა მუშაობისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება. უცნაური იყო ბინაში სხვასთან თანაცხოვრებაც. . მაგრამ ყველაფერს შევეგუე, ასე გამოდის.

როგორ დაიმკვიდრეთ პრაღაში თავი?

მარტივად ნამდვილად არა. კულტურასთან და ქალაქთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, თუმცა კარიერულად და ფინანსურად დასამკვიდრებლად ბევრი წელი დამჭირდა. კავკასიელებს და მხოლოდ რუსული და ინგლისური ენის ცოდნით დიდად არსად არ გვიხსნიდნენ კარს. თუმცა ბოლო ექვსი წელი ჩემი აღმავლობის წლებია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამიმართლა. უკვე ბევრი წელია, ამ ქვეყნის რეზიდენტი ვარ და ენასაც კარგად ვფლობ.

რას იტყოდით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ, როგორ დაიწყეთ აპტოსში“ მუშაობა?

“აპტოსის“ ისტორია საკმაოდ შემთხვევითია. პროფესიით დიპლომატი ვარ.სამი წლის წინ მეგობარმა ვაკანსია გამომიგზავნა – კომპანია “აპტოსი“ევროპის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს ეძებდა. გავგზავნე რეზიუმე და ძალიან მალევე, სამი გასაუბრების მერე ამიყვანეს. ამ კომპანიაში მოხვედრა ჩემთვის უდიდესი შანსია, ბედნიერი ვარ და მიყვარს ჩემი სამსახური.

ვთვლი, რომ როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, წარმატებით შემიძლია ქართული პროდუქციის წარმოდგენა ევროპაში.

როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?

რეჟიმი ესთეტიკურ მედიცინასა და პლასტიკურ ქირურგიაში საკმაოდ დატვირთულია და მრავალფეროვანი. მონოტონურობას არ ვუჩივი. ბოლო წლებში სილამაზე აუცილებელი და მოთხოვნადი გახდა. ასე რომ, ჩემი ერთი დღე შეიძლება პრაღის კლინიკებში იყოს, მეორე – სხვა ქვეყანაში კონგრესზე ან კონფერენციაზე,  შემდეგი – ექიმთა ტრენინგებზე.  ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, ვინც იყენებს  ძაფებით ლიფტინგის მეთოდს, ამიტომ აუცილებლად უნდა გავცეთ სერტიფიკატი, რათა სხვა ექიმებმა შეძლონ  “აპტოს“ ძაფების გამოყენება. ასეთი მრავალფეროვანია დღეები “აპტოსთან“ ერთად.

რამდენად ცნობილია აპტოსის“ პლასტიკური ქირურგიის ალტერნატიული მეთოდი ჩეხეთში? სხვა ქვეყნებშიც თუ არის მსგავსი კლინიკები?

“აპტოსი“, როგორც პროდუქტი და მეთოდი ძალიან ცნობილია მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ 60-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. ეს მეთოდი 1996 წელს ბატონმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა და მისმა ვაჟებმა, გიორგიმ და კონსტანტინემ, მსოფლიო ბაზარზე განავრცეს. ჩეხეთში კომპანია 2003 წლიდან არსებობდა, მე რომ გადმოვიბარე, უკვე ექიმების დიდი ბაზა იყო, რომლებიც გადამზადებული იყვნენ და ამ მეთოდოლოგიას იყენებდნენ. ახლა 300-მდე ჩეხი და სლოვაკი ექიმი და ექსპერტი გვყავს. მართლაც ძალიან საამაყოა. „აპტოს“  ყველა ქუდს საქართველოს დროშა აქვს ლოგოდ და აუცილებელია, ექიმმა ატაროს. კლინიკები თბილისში, რუსეთსა და პრაღაში გვაქვს. ახლო მომავალში იგეგმება ფრენჩაიზინგი სხვა  ქვეყენებშიც.

  

გაქვთ თუ არა უშუალო საქმიანი კავშირი საქართველოსთან და რაში გამოიხატება ის?

რა თქმა უნდა. საქართველოშია სათავო ოფისი, წარმოებაც იქ ხდება და პროდუქცია სისტემატიურად თბილისიდან ჩამოგვაქვს და აქედან ვახდენ დისტრიბუციას ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც წარმომადგენელი ჯერ არ გვყავს. “აპტოს“ აკადემია, ანუ სასწავლო ცენტრი თბილისშია და ხშირად ჩამყავს იქ ჩეხი და სლოვაკი ექიმები.  

რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის  ეპიდემიამ თქვენს საქმიანობაზე? როგორ უმკლავდებით ამას?

ვირუსმა მთელი მსოფლიოს ბიზნესზე იმოქმედა და ჩვენც ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი, თუმცა ვირუსმა ვერ დაგვამარცხა. 16 მარტს,  როგორც კი პრაღაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ოფისი, რა თქმა უნდა, დავკეტეთ. სამაგიეროდ, სახლიდან აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს ყოველდღიური ვებინარები და სასწავლო ონლაინკურსები. ჩეხეთში კლინიკები ოფიციალურად არ დახურულა და პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ, თუმცა – მინიმალურად. პაციენტები ერიდებიან ამ ეტაპზე მოსვლას. სათავო ოფისში შეიქმნა კომპანიის რისკის მართვის ჯგუფი, დავსახეთ მიზნები და სტრატეგია, გათვლები და ამ გეგმით მივდივართ. არ ვაპირებთ არავის დათხოვნას და მაისიდან, დიდი იმედი მაქვს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გეგმა ბევრი მაქვს, როგორც პირადი, ასევე პროფესიული. რომ არა პანდემია, უკვე 16 წლის თავზე საკუთარი საცხოვრებელი მქონდა შერჩეული.  ივნისში აუცილებლად დავასრულებ ამ გეგმას. ასევე იხსნება ჩვენი საკუთარი კლინიკა პრაღაში. ამ ეტაპზე პატარა ოჯახი ვართ პრაღის “აპტოს“ ოფისში და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას წლის ბოლომდე ვაპირებთ… დაბოლოს, კიდევ დიდხანს ვაპირებ ამ ქვეყნაში ცხოვრებას, რამდენიმე თვეში ველოდები მოქალაქეობას.

რა სახის რჩევას მისცემდით იმ ადამიანს ვინც უცხოეთში აპირებს წასვლას თავისი გზის გასაკაფად?

მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ვარჩიე ცხოვრება და ბევრი ქართველი სტუდენტიც ჩამომყავს სასწავლებლად, მაინც არ ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა საზღვარგარეთ წამოვიდეს. პირველი რჩევაა, მიზანი დაისახო და ისე წამოხვიდე. არა იმიტომ, რომ საქართველო ცუდია, სიღარიბეა ან ცუდი საგანმანათლებლო სისტემაა. არამედ ზუსტად უნდა უპასუხო თავს, რას აპირებ? რატომ უცხოური განათლება? მოემზადო, რომ უცხო ქვეყანაში დამკვიდრება ცხოვრების უდიდესი გამოწვევაა. აუცილებლად უნდა ისწავლო ადგილობრივი ენა და დაიხურო აქაური ქუდი, პატივი სცე  კანონს, თუმცა არასოდეს დაგავიწყდეს, სად არის შენი სამშობლო და სულ მასთან კავშირზე ფიქრობდე. ისწავლე, რომ შენს ქვეყანას გამოადგე. შეიძლება დამკვიდრდე სხვაგან, მაგრამ უნდა იყო ხიდი შენს ქვეყანასთან. მე დღემდე ასე ვცხოვრობ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი საქართველოს უკავშირდება. უბრალოდ მიყვარს აქაური წესრიგი, კანონმორჩილება და სიმშვიდე.