ცუკერბერგმა მაიკლ დელს გადაასწრო და მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანი გახდა

ცუკერბერგმა მაიკლ დელს გადაასწრო და მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანი გახდა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Dell-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ დელს, გადაასწრო და მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანი გახდა. მიზეზი Dell Technologies-ის აქციების ფასის ვარდნაა, რამაც კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა.

ორშაბათის სავაჭრო სესიისას Dell-ის აქციების ღირებულება დამატებით 3.3%-ით დაეცა, რასაც მანამდე, გასულ კვირაში დაფიქსირებული 8.8%-იანი კლებაც უძღოდა წინ. მთლიანობაში, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი პირველ ივნისს დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან, $469-დან, 18%-ზე მეტითაა გაუფასურებული.

Forbes-ის შეფასებით, მაიკლ დელის ქონება დაახლოებით $2 მილიარდით, $221.1 მილიარდამდე დაეცა, რის შედეგადაც ბიზნესმენმა უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. ხოლო ცუკერბერგმა, $222.1 მილიარდის სიმდიდრით, მეხუთე ადგილი დაიბრუნა. ამჟამად, ცუკერბერგი $221.5 მილიარდს ფლობს, დელი — $220.1 მილიარდს.

სავაჭრო სესიის განმავლობაში Meta-ს აქციების ფასის 1.6%-იანი ვარდნის მიუხედავად, ვაჭრობის დასრულებამდე ცუკერბერგის კომპანიამ დანაკარგი თითქმის სრულად აღიდგინა. მეორე კვარტალის ფინანსურ ანგარიშს Dell-ი მომავალ თვეში გამოაქვეყნებს, ხოლო Meta — მომავალ კვირას.

ცნობისთვის, გასულ კვარტალში Dell-ის შემოსავლები 88%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში რეკორდული 39%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Dell-ის აქციონერიც გახდა და ინვესტორებს კომპანიის აქციების შეძენისკენაც საჯაროდ მოუწოდა.