უკრაინა გერმანიისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს

გერმანია უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებას გეგმავს. სამხედრო დახმარების ზრდის შესახებ განცხადება უკრაინის ახალმა ელჩმა ოლექსი მაკეიევმა ბერლინში, გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან, მაკეიევმა განაცხადა, რომ პირისპირი საუბრებისას გერმანია მათ ქვეყანას მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. ცნობისთვის, უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვით სისტემებს, თვითმავალ ჰაუბიცებს, საზენიტო ტანკებსა და საბრძოლო მასალას ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები Marder-ისა და Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე კვლავ მიმდინარეობს. Welt am Sonntag-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ მაკეიევი დაარწმუნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები კიევის თანხმობის გარეშე არ წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ კვირას, უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, შტატები უკრაინას იმ დრომდე დაეხმარება, როდემდეც ამის საჭიროება იქნება. აშშ უკრაინას $38 მილიარდის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, $13 მილიარდის პირდაპირი დახმარება კი უკვე მიაწოდა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული გაცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს, ისევე როგორც რუსეთს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკრაინაში მიმდინარე ომზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *