უკრაინელები გერმანული ჰაუბიცების გამოყენებას მალე შეძლებენ: გერმანიის თავდაცვის მინისტრი

უკრაინელები გერმანული ჰაუბიცების გამოყენებას მალე შეძლებენ: გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, გერმანული ჰაუბიცების შეუფერხებლად გამოყენებისათვის უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროცესი მალე დასრულდება. შესაბამისად, უკრაინელები გერმანული ჰაუბიცების ომში გამოყენებას მალე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, კიევი დასავლეთისაგან მძლავრი საარტილერიო სისტემების მიწოდებას ითხოვს. პარტნიორი სახელმწიფოები უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებსა თუ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მოთხოვნისამებრ უგზავნიან, თუმცა მათი რესურსის სრულად ათვისებას დიდი დრო სჭირდება.

ზოგიერთი დასავლური საარტილერიო სისტემისათვის არტილერისტების მომზადებას რამდენიმე კვირაც კი ესაჭიროება. გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების Panzerhaubitze 2000-სათვის მომზადება მალე დასრულდება.

ცნობისათვის, Panzerhaubitze 2000, იგივე PzH 2000, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარტილერიო სისტემა გახლავთ, რომლის სამოქმედო არეალიც სხვდასხვა საბრძოლო მასალის კომპლექტაციის მიხედვით 30-დან 70 კილომეტრამდე მერყეობს.

ქრისტინ ლამბრეხტს ჰაუბიცების მიწოდების პერიოდისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მისი განმარტებით, უკრაინელები გერმანულ შეიარაღებას მაშინვე მიიღებენ, როგორც კი სამხედროების მომზადების პროცესი დასრულდება. შეგახსენებთ, რომ გერმანული ჰაუბიცების უკრაინისათვის მიწოდების საკითხი უკვე თითქმის ორი თვეა განიხილება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის კვირის დასაწყისში გავრცელებული განცხადებით, კიევს ომში მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად 1000 ჰაუბიცა, 500 ტანკი, 1000 დრონი და სხვა მძიმე შეიარაღება ესაჭიროება.