ინდოელი და ევროპელი ოფიციალური პირების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ინდური წარმოების საარტილერიო ჭურვების ექსპორტი განხორციელდა. ანონიმური წყაროების ცნობით, მოსკოვიდან გაჟღერებული პროტესტის მიუხედავად, ინდური ამუნიციის ევროპელმა მყიდველებმა უკრაინას საარტილერიო ჭურვები მიაწოდეს, თავად ინდოეთს კი აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმია ინდურ ამუნიციას უკვე წელიწადზე მეტია, იყენებს. საინტერესოა, რომ ინდოეთის იარაღის ექსპორტის რეგულაცია შეიარაღების ისეთი ქვეყნისთვის გადაცემას კრძალავს, საიდანაც შესაძლოა იარაღის არაავტორიზებული ტრანსფერი განხორციელდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია რუსულმა მხარემ ოფიციალურად ივლისში ლავროვისა და მისი ინდოელი კოლეგის შეხვედრის დროსაც გამოთქვა. ჯერ კიდევ იანვარში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ირწმუნებოდა, რომ ინდოეთს უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვები არ მიუწოდებია ან მიუყიდია.
ინდოეთის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ინდური ამუნიციის წილი უკრაინისათვის საერთო ჯამში გადაცემულ შეიარაღებაში მხოლოდ 1%-ია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზით აღმოჩნდა უკრაინაში ინდური საარტილერიო ჭურვები. ინდური ამუნიციის მომხმარებელმა ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჭურვები ან უსასყიდლოდ გადასცეს, ან მიჰყიდეს.