უმსხვილესი IPO-ები, რომელთაც 2022 წელს უნდა ველოდოთ

უმსხვილესი IPO-ები, რომელთაც 2022 წელს უნდა ველოდოთ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტარტაპების გლობალური  ინდუსტრია ერთგვარ პიკშია. გასული ათი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი რაოდენობის სტარტაპებში ვენჩურული კაპიტალისტების მიერ დაბადებულმა ტრილიონობით დოლარმა „უნიქორნი კომპანიების ფენომენი“ წარმოშვა, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, არც 2022 წელს შენელდება.

Ernst & Young-ის დათვლებით, გასულ წელს IPO-ზე 2,388 კომპანიის აქცია გავიდა, რამაც მათ, ჯამურად, $453 მილიარდის ინვესტიცია მოუტანა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში საფონდო ბირჟებზე 1,082 კომპანია გავიდა, რომელთაც $260 მილიონი მოიზიდეს. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც ასევე რეკორდია. ლიდერებს შორის კრიპტობირჟა Coinbase-ი, ონლაინ საბროკერო Robinhood-ი და Tesla-ს მთავარი კონკურენტი, Rivian-ი აღმოჩნდნენ.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომპანიად გადაქცევა რეკორდულად ბევრ კომპანიას სურს, იმ კომპანიების ნახევარი, რომელთაც აქციები ამერიკულ ბირჟებზე 2015 – 2019 წლებში განათავსეს, საკუთარ აქციებს IPO-ს დროს გამოცხადებულ ფასებზე ნაკლებად ყიდის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მარკერია.

საფონდო ბირჟების მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, ამერიკულმა Forbes-მა იმ კომპანიების სია მოამზადა, რომელთა IPO-საც 2022 წელს ყველაზე მეტად უნდა ველოდოთ.

Chime

ახლესი შეფასება: $25 მილიარდი (სექტემბრის საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

Chime-ი სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ციფრული ბანკია, რომელიც, Forbes-ის ინფორმაციით, IPO-ზე გასვლას 2022 წლის მარტში გეგმავს, $45-მილიარდიანი შეფასებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალური არ არის, ის კარგად ეხმიანება კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრის ბრიტის 2020 წლის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საფონდო ბირჟაზე გასასვლელად კომპანია მზად ერთ წელიწადში იქნებოდა.

Discord

უახლესი შეფასება: $15 მილიარდი (სექტემბრის საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინჩატის, Discord-ის IPO-ზე გასვლა ჯერჯერობით ოფიციალურად გაცხადებული არ არის, ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას მას მერე ელოდებიან, რაც კომპანიამ Microsoft-თან მოლაპარაკებები შეწყვიტა – Discord-ის შეძენა Microsoft-ს, სულ მცირე, $10 მილიარდად სურდა. აღსანიშნავია, რომ Discord-ი ძალიან პოპულარული სერვისია, რომელსაც დაახლოებით 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Impossible

ახლესი შეფასება: $4 მილიარდი (2020 წლის აგვისტოს საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

Impossible-ის IPO-ს შესახებ საუბარი მას მერე დაიწყო, რაც 2021 წლის ნოემბერში  ალტერნატიული ხორცის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ ბრაუნმა განაცხადა, რომ ეს „გარდაუვალი“ იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფონდო ბირჟაზე Impossible-ი $10-მილიარდიანი შეფასებით აპირებს გასვლას, რაც კომპანიის მთავარი კონკურენტისთვის, Beyond-ისთვის საფრთხის მომტანი უნდა იყოს. ცნობისთვის, 2011 წლიდან Impossible-მა $1.5 მილიარდის ინვესტიცია უკვე მოიპოვა, ხოლო Beyond-ის კაპიტალიზაცია, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე 2019 წელს დაილისტა, $5 მილიარდს აღწევს.

Instacart

ახლესი შეფასება: $39 მილიარდი (მარტის საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

Instacart-ი პროდუქტების მიტანის სერვისია, რომელიც საფონდო ბირჟაზე $50-მილიარდიანი შეფასებით გასვლას გასულ წელსაც გეგმავდა, თუმცა კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფიჯი სიმომ ეს გარიგება გადადო, რათა კომპანიას სხვა სერვისებიც დაემატებინა. აღსანიშნავია, რომ ბაზარმა არასახარბიელო მდგომარეობა შეუქმნა Instacart-ის მთავარ კონკურენტს, DoorDash-ს – დალისტვის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. თუმცა, როგორც გამოცემა eMarketer-ი წერს, Instacart-ი საკუთარ IPO-ს მომზადებული  ხვდება: გარდა პროდუქტების მიტანის ტრადიციული სერვისისა, მათ სწრაფად მზარდი სარეკლამო პლატფორმაც აქვთ.

Reddit

ახლესი შეფასება: $10 მილიარდი (აგვისტოს საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსების გადაწყვეტილების შესახებ Reddit-მა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, მაგრამ მიზნობრივ შეფასებაზე არაფერი უთქვამს. ისე კი, გასული წლის აგვისტოში, კომპანიამ საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომლის შედეგად კომპანია $10 მილიარდად შეფასდა და მოსალოდნელია, რომ IPO-სთვის ეს შეფასება $15 მილიარდამდე გაიზრდება.

Stripe

უახლესი შეფასება: $95 მილიარდი (აპრილის საინვესტიციო რაუნდის შემდგომ)

ერთ წელიწადზე მეტია, რაც ონლაინგადახდების გიგანტის, Stripe-ის დამფუძნებლები, ძმები პატრიკ და ჯონ კოლისონები ინვესტორებს კომპანიის IPO-ს შესახებ ანიშნებენ, თუმცა ოფიციალური განცხადება კომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის აგვისტოში, CNBC-სთან საუბრისას, ჯონ კოლისონმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიად ყოფნა Stripe-ისთვის სასიხარულოა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IPO-ს შესახებ მოლაპარაკებები ტექნოლოგიურმა გიგანტმა რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან დაიწყო – შედეგად, შესაძლოა Stripe-ის შეფასებამ $100 მილიარდს გადააჭარბოს, რაც მას ერთ-ერთ უმსხვილეს IPO-დ აქცევს.

TPG

პორტფელის მოცულობა: $109 მილიარდი (დეკემბერი, 2021)

საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესახებ გადაწყვეტილება კერძო კაპიტალის ინდუსტრიის გიგანტის, TPG-ის დამფუძნებლებმა, მილიარდერებმა ჯეიმს კოლტერმა და დევიდ ბონდერმენმა გასული წლის დეკემბერში განაცხადეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია, რომელიც CAA-ის, Vice Media-ს და Spotify-ის აქციებს ფლობს, $10-მილიარდიან შეფასებას ელოდება, რაც კერძო კაპიტალის კომპანიების მიერ საფონდო ბირჟებზე დაბრუნების შემატყობინებელი ერთგვარი ზარი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *