უმუშევრობით მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა

უმუშევრობით მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა

შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. საქართველოს სტა­ტისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა. 18.5%-ზე მაღალი უმუშევრობა მხოლოდ 9 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულშია, ესენია: სამხრეთი აფ­­რიკა – 28.7%, დასავლეთი სანაპირო და ღაზა – 27.4%, ლესოტო – 24.6%, ესვატინი – 23.4%, გაბონი – 20.5%, ნამიბია – 20.4%, სენტ-ვინსენტი და გრენადინები – 20.3%, სომხეთი – 20.2% და ლიბია – 19.4%.

მაშინ როდესაც მსოფლიო დონეზეც კი ქვეყანა გამორჩეულია უმუშევრობის დონით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს უმუშევ­­რად თვლის. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია, ამიტომ არის ასეთი დიდი აცდენა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელსა და სოციოლო­გიური გამოკითხვით დაფიქსირებულს შორის.

უმუშევრობის დონე იანგარიშება იმის მიხედვით, თუ სამუშაო ძალიდან (15 წლის და მეტი ასაკის მქონე მოსახლეობა, რომელსაც შრომის უნარი და სურვილი აქვს), რამდენი ადამიანია დაუსაქმებელი. 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.6% იყო. 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა და მთლი­ანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით შემცირდა. ეკონომი­კის შემცირებას სამუშაო ადგილების კლება მოჰყვა. დასაქმებულების რაოდენობა 54 ათასით შემცირდა, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩნენ უმუშევრად.

გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ პანდემიას არ გაუზრდია. ამასთან ერთად შეიცვალა უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია, რის შედე­გადაც ბევრი ისეთი ადამიანი ჩაითვალა უმუშევრად, რომლებიც მანამდე ძირითადად თვითდასაქმე­ბულად ითვლებოდნენ. ახალი მეთოდოლოგიით, საკუთარ საოჯახო მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ძირითადად სა­კუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ, თვითდასაქ­­მებულად აღარ ითვლებიან. ძველი მეთოდოლოგიით, 2019 წელს უმუშევრობა 11.6% იყო, ახალი მეთოდო­ლოგიით კი 17.6%-მდე გაიზარდა. ასევე დაკორექტირ­­და წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მთელი წლის განმავლობაში საქართველოში 282 ათასი ადამიანი იყო უმუშევარი. თუმცა მათი რიცხვი მე-4 კვარტალში მაქსიმუმს, 308 ათასს აღწევდა, რაც სამუ­შაო ძალის 20.4% იყო. 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა, უმუშევარი იყო 318 ათასი ადამიანი.

2020 წლის ბოლოს საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 15 წლის და მეტი ასა­კის იყო დაახლოებით 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან 1.2 მილიონი დასაქმებული იყო, ხოლო 282 ათასი – უმუშევარი. დარჩა კიდევ 1.5 მლნ ადამიანი, რომელ­­თაც 15 და მეტი წელი შეუსრულდათ, ანუ არიან სამუ­შაო ასაკში, მაგრამ არც დასაქმებული არიან და არც უმუშევარი. ეს რიცხვი – 1.5 მილიონი – მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა გა­რემოების გამო არ შეუძლიათ მუშაობა (მაგალითად, პატიმარია) ან თავიანთი ნებით არ ეძებენ სამსა­ხურს. მათ შორის, 700 ათასი არიან 15-19 წლის და საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ობიექტური მიზეზების გამო არ არიან დაინტერე­სებული მუშაობით. 800 ათასი ადამიანი კი ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, ან აღარ აქვს იმედი, რომ სამსახურს იშოვის, აღარც ეძებს ან, უბრალოდ, არ უნდა მუშაობა. რადგან საქართველო ემიგრანტე­ბის გადმორიცხულ თანხაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შე­უძლია, არ იმუშაოს და მაინც ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეს. ასეთი ადამიანები დაბალანაზღაურებიან სამსახურს არ თან­­ხმდებიან და უკეთეს სამუშაო ადგილებს ელოდებიან.

დასაქმებული 1.2 მილიონი ადამიანი ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. სწორედ თვითდასაქმებულების ნაწილია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია. 2020 წელს ბოლოს 845 ათასი ადამია­ნი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ იღებდა შრომის ანაზღაურებას და 396 ათასი იყო თვითდასაქმებული, სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქ­­მებულები ოფიციალურად დასაქმებუ­ლად ითვლებიან, რეალურად მათი დიდი ნაწილიც ეძებს სამსახურს. შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამ­­სახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შე­საძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვით­­დასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა რიგითი მოქალაქისთვის მარტივად გასაგებად რომ გადავთარგმნოთ, მივიღებთ, რომ საქართველოში გვყავს დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთაც სამსა­ხური უნდათ. პანდემიამდე, 2013-2019 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა რა­ოდენობა წლიურად საშუალოდ 20 ათასით იზრდებოდა. პრობლემაც სწორედ ესაა: ყოველწლიურად 20 ათასი კაცის დასაქმე­ბით, მილიონი ადამიანის დასაქმებას 50 წელი დასჭირდება. თუ სრულ დასაქმებას ვნახავთ, ანუ დაქირავებულებსა და თვით­­დასაქმებულებს ერთად განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ 2013 – 2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12 ათასით იზრდებოდა. ფარ­­თო სურათში ახალი სამუშაო ადგილების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს.

საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალი­ფიკაცია. დღეისათვის ფიზიკურად არ არ­­სებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელ­ვადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვ­­ნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილე­ბის მატებაა.

საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფი­ციური კადრების მოძიებაც. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსი­ის დასაკავებლადაა საჭირო. შესაბამი­სად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვა­ლიფიციური კადრების სიჭარბე, რომლე­ბიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებუ­ლი და რადგან განვითარებულ ქვეყნებში იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა, იქ დაიწყონ მუშაობა. ემიგ­­რანტები ევროპისა და ჩრდილო ამერი­კის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქარ­­თველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და ლოგიკურია უმუშევრობის მაღალი დონე, მაინც გაკ­­ვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ოფიცია­ლური უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზე ვართ. საქართველოზე ღარიბ ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დო­ნე გაცილებით დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. ემიგრაციიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებუ­ლება, რასაც თან ერთვის მჭიდრო ნათე­საური კავშირების კულტურა. ემიგრანტი ან საქართველოში დასაქმებული არა მხო­ლოდ საკუთარი ოჯახის შრომისუნარიან წევრებს, არამედ შესაძლოა, ნათესავის ოჯახსაც არჩენდეს; 2. უმუშევრობის დათ­­ვლის ახალი მეთოდოლოგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩაითვალა უმუშევრად და 3. არაფორმალური დასაქმების (ნაწილი აღ­­რიცხულია თვითდასაქმებულად) მაღალი დონე, რომლის აღრიცხვა რთულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *