UNWTO: საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა

UNWTO: საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალურად საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა.

“უკანასკნელი კვირების განმავლობაში მსოფლიოს ტურისტული დანიშნულების ქვეყნების 53%-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა არაერთი ქვეყნის მთავრობა კვლავ ინარჩუნებს სიფრთხილეს და სამოგზაურო შეზღუდვებს არ ამსუბუქებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

UNWTO-ს მიხედვით, 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 2020 წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი ვიზიტორით შემცირდა, რამაც გლობალურად ამ სფეროს შემოსავლის $460 მილიარდი დოლარით კლება გამოიწვია. ეს, დაახლოებით, ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის დარტყმა, რაც გლობალური ტურიზმის ინდუსტრიამ 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიიღო.

UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის უსაფრთხო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

UNWTO-ს მიმოხილვის თანახმად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონის შესახებ არსებული მოლოდინები არ მატერიალიზდა. განსაკუთრებით კი ევროპაში, სადაც COVID-19-ის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. შედეგად, ევროპაში ვიზიტების რაოდენობა 66%-ით შემცირდა. ამერიკის კონტინენტზე კლება 55%-ია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში – 57%,  ხოლო აზიასა და ოკეანეაში ტურიზმის შემცირებამ 2020 წლის პირველ ნახევარში 72% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *