უორენ ბაფეტის Berkshire-მა რეკორდული წლიური მოგება მიიღო

უორენ ბაფეტის Berkshire-მა რეკორდული წლიური მოგება მიიღო

Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა უორენ ბაფეტმა, აქციონერებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური წერილი გამოაქვეყნა. მიმართვაში ბაფეტმა ყურადღება კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, რეკორდულ მოგებასა და საფონდო ბაზრის სპეკულაციებთან დაკავშირებით თავის ხედვაზე გაამახვილა. ასევე, პატივი მიაგო მისი გარდაცვლილი მარჯვენა ხელის, ჩარლი მანგერის ხსოვნას.

2023 წელს Berkshire Hathaway-მა რეკორდული წლიური მოგება მიიღო. კონგლომერატმა, რომელიც აერთიანებს დაზღვევას, რკინიგზას, ელექტრომომარაგებას, ნავთობსა და ბუნებრივ აირს და ბევრ სხვა ბიზნესს, შარშან $37.35 მილიარდის საოპერაციო მოგება ნახა – 21%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. Berkshire Hathaway-ის მოგებიანობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სადაზღვევოს ანდერაიტინგის ოპერაციებმა, რომლებმაც $5.4 მილიარდის საოპერაციო მოგება უზრუნველყო.

თუმცა პორტფელის ყველა კომპანიამ მოლოდინი ვერ გაამართლა. 2022 წელთან შედარებით, შემცირდა რკინიგზის, კომუნალური და ენერგეტიკული ბიზნესის საოპერაციო მოგება შესაბამისად, 14.5%-ითა და 40.3%-ით. მიზეზთა შორის ბაფეტმა ხელფასების ზრდა, ტყის ხანძრების დანაკარგები და სხვა ფაქტორები დაასახელა.

2023 წელს Berkshire Hathaway-ის რეკორდული მოგების კიდევ ერთი განმაპირობებელი იყო ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის რეზერვი, რაც კომპანიას საინვესტიციო შესაძლებლობებით სარგებლობისა და პოტენციური რისკისგან თავდაცვის საშუალებას აძლევდა. წლის ბოლოს Berkshire Hathaway-ის ანგარიშზე $163.3 მილიარდი ნაღდი ფული ირიცხებოდა, რაც, გასული წლის $6.5 მილიარდის ნაცვლად, კომპანიას სადაზღვევო საინვესტიციო შემოსავალში $9.6 მილიარდის უზრუნველყოფაში დაეხმარა.

საერთო ჯამში, 2023 წელს Berkshire-ის წმინდა მოგებამ $96.2 მილიარდს მიაღწია. კონგლომერატის აქციების ფასი კი, 1965 წელს ბაფეტის ხელმძღვანელობიდან, 4,384,748%-ითაა გაზრდილი. Berkshire Hathaway-ის კონგლომერატი $900 მილიარდზე მეტადაა შეფასებული.