უწყვეტი განვითარების 5 წელი - კავკასიის მედიცინის ცენტრი

უწყვეტი განვითარების 5 წელი - კავკასიის მედიცინის ცენტრი

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ხუთი წლის გახდა. ჰოსპიტალმა პირველი პაციენტი 2018 წლის 5 მარტს მიიღო, დღეს კი 1200 თანამშრომელსა და ჯანდაცვის თითქმის ყველა კომპონენტს აერთიანებს. აქ თავს იყრის მრავალპროფილური მიმართულებით დასავლური განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი. სოფიო ასპანიძემ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელობა 2022 წელს ჩაიბარა და ცდილობს, იგი კავკასიის მედიცინის ეპიცენტრად აქციოს. მიზნისკენ მიმავალ ნაბიჯებს ჰოსპიტალი წლიური 10%-იანი ზრდით დგამს.

რა ეტაპზე ხართ ახლა და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?

ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვინდა, ადამიანს არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის დროს ველაპარაკოთ, არამედ მათ შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მივაწოდოთ და პრევენციულ მედიცინას უფრო მეტი პოპულარიზება გავუწიოთ. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის, სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის თუ სხვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკითხების შესახებ. მუდმივად მოვუწოდებთ ჩვენს პაციენტებს, მოგვმართონ და ჩაიტარონ პრევენციული კვლევები. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანებს ჰოსპიტალური სერვისის საჭიროება არ დაუდგეთ. და თუ მაინც დაუდგათ მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების საჭიროება, ჩვენ ნამდვილად ყველაზე მძლავრი კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური, ონკოლოგიური, გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, უროლოგიური, ქირურგიული, თერაპიული და ჰემატოლოგიური მიმართულებები გვაქვს. ჩვენი კონცეპტუალური მიდგომაა – შენი ჯანმრთელობის მეგზური!

თქვენ გაცხადებული გაქვთ, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ რეგიონში სამედიცინო ტურიზმის ჰაბია. საინტერესოა, რომელი ქვეყნებიდან და რომელ სერვისებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა?

პანდემიის პერიოდმა სამედიცინო ტურიზმი შეაფერხა. ამ მხრივ 2019 წელს ძალიან კარგი სტარტი გვქონდა. ახლა კი ამ ტენდენციას უკან ვაბრუნებთ. ვფიქრობთ, რომ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინით, რომელსაც ჩვენ საქართველოში შევთავაზებთ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, შეგვიძლია უცხოელებიც მოვიზიდოთ. 2022 წელს ამ მიმართულებით პაციენტების ზრდა უკვე შეინიშნებოდა. მოთხოვნა ძირითადად ონკოლოგიურ, ქირურგიულ და გინეკოლოგიურ სერვისებზე იყო. წელს უფრო მეტ გააქტიურებას ველით. ჩვენთან ისინი საუკეთესო ხარისხის მედიცინას დასავლური გამოცდილების მქონე წამყვანი ექიმებისგან იღებენ, გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან ამარტივებს ვიზიტს. ამას ემატება ისიც, რომ არ გვაქვს მათთან ენობრივი ბარიერი, ჩვენი პერსონალი ინგლისურად და რუსუ­ლად საუბრობს. დაბოლოს, უპირატესობაა ჩვენი საფასო პოლიტიკაც. ზოგადად, საქართველოში 2-3-ჯერ უფრო იაფი ჯდება მკურნალობა, ვიდრე, მაგალითად, ევროპაში.

რომელ ქვეყნებზე გაქვთ ძირითადად გათვლა?

ძირითადად რეგიონის ქვეყნებზე და ასევე აზიის ქვეყნებზე, მათ შორისაა ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები.

თუმცა სახელით პოზიციონირებთ, როგორც კავკასიის…

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ თავისი მასშტაბიდან და გეოგრაფიიდან გამომდინარე, იდეალურია სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ქვეყნის საუკეთესო ჯანდაცვის პროვაიდერი რეგიონისთვის დამახასიათებელი სახელით უნდა პოზიციონირებდეს. ამიტომაც – „კავკასიის მედიცინის ცენტრი“!

თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვს საქართველოს სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით რეგიონულ ჭრილში?

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდა, ეს აქაური ექიმების დამსახურებაა, რომელთაც საერთაშორისო პრაქტიკა აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კერძო სექტორს სამედიცინო სფეროში საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საქართველოს პოტენციალი ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნამდვილად არის პრიორიტეტი. ქართული მედიცინის სტანდარტები გაუთანაბრდა დასავლურს, რაც მოსახლეობის წარმოდგენებს ცვლის. შედეგად, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნიდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადინება საკმაოდ შემცირებულია.

რატომ მიგაჩნიათ, რომ კონკურენტუნარიანი ხართ?

უპირატესობა ბევრია. პირველ რიგში, ორგანიზაციის ხასიათი, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. აქ ნებისმიერი მიღწევა ახალი მიღწევის დასაბამი ხდება. ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მასზე ზრუნვა და ჯანმრთელობის საკითხებში მეგზურობაა. ეს დამოკიდებულება ბადებს მოტივაციას და კრეატივს, რომ ცენტრმა შექმნას საუკეთესო გამოცდილება პაციენტებისთვის და თანამშრომლებისთვის. ცალსახად ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც ჩვენი სპეციალისტები ქმნიან. აქ ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული უნიკალური გუნდი მუშაობს. ამას ემატება მრავალპროფილურობა და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა.

რას გამოარჩევთ თქვენი სოციალური პასუხიმგებლობის პროექტებიდან?

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ პაციენტს განვიხილავთ როგორც ინდივიდს, რომელსაც მხოლოდ მკურნალობა არ სჭირდება, მას ასევე სჭირდება მხარდაჭერა, ზრუნვა და გამარტივებული სერვისი. ამიტომაც ჩვენ შევქმენით ე.წ. პერსონალური ურთიერთობის კოორდინატორების სამსახური. ეს სამსახური აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც პაციენტებს მხარდაჭერას უცხადებენ ნებისმიერ პროცესში. ეს შეეხება დაფინანსების მოპოვებას, სერვისის მიღებას, ვიზიტების მართვას და ა.შ. ისინი პაციენტების ახლობელი ადამიანები ხდებიან. ქვეყანაში ასევე ერთადერთი ვართ, ვინც შექმნა ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ახლობელმა იცის, კონკრეტულად როდის იწყება და სრულდება ოპერაცია. გვაქვს სპეციალური მოსაცდელი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ, ახლობლების ოპერაციის სტატუსს დააკვირდნენ. მათთან კომუნიკაციას დიდ დროს ვუთმობთ. ვფიქრობთ, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ მოვალეობაცაა.

„კავკასიის მედიცინის ცენტრს“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს ქვეყნის წამყვან სპორტსმენთა ჯანმრთელობაზეც. კერძოდ, ჩვენ ვართ საქართველოს კალათბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების ოფიციალური სამედიცინო სპონსორი და მათი ჯანმრთელობის მეგზური.

გარდა ამისა, ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. მაგალითად, გასულ წელს „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია გვქონდა, რომლითაც შევეცადეთ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უანგარო დონაციის პოპულარიზებაზე. ამღები პუნქტიც გვაქვს, სადაც მოსახლეობას შეუძლია დონაცია. ზოგადად სისხლის დონაცია ბევრ ქვეყანაში პრობლემურია, ვინაიდან დონორების დეფიციტია, ამიტომაც ჩვენ ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ ამ პრობლემის შემსუბუქებაში.

ასევე, ვცდილობთ საექთნო პროფესიის პოპულარიზებას. ვიცით, რომ ექთნების დეფიციტი ქვეყანაში მწვავეა და ამ პროფესიას მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება. ამისთვის ჩვენ შემოვიღეთ ექთნების დამხმარების ინსტიტუტი, რომლის წევრებიც მათი სამუშაოს ნაწილს ასრულებენ.

თქვენთან რამდენად მწვავედ დგას ექთნების დეფიციტის საკითხი და რა ნაბიჯებს დგამთ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

პრობლემა არის. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში საშუალოზე მაღალი ანაზღაურებები გვაქვს. თუმცა, მატერიალური ფაქტორის გარდა, მნიშვნელოვანია პერსონალური ფაქტორი, როდესაც ადამიანს მოსწონს ის გარემო, რომელშიც მუშაობს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მათზე ამ მხრივაც ვზრუნავთ. კერძოდ, მათ უწყვეტ განათლებაზე ვართ ორიენტირებული. სამოტივაციო სქემის ერთგვარი ინსტრუმენტიც შევიმუშავეთ, რომელიც პაციენტების უკუკავშირზეა დამოკიდებული. ყველაფერს ვზომავთ პაციენტის ხმით, მომხმარებელს ვუკავშირდებით და მათგან მიღებული უკუკავშირით ვაუმჯობესებთ გარემოს.

საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2025 წლიდან იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. რას გამოიწვევს ეს? რამდენად მტკივნეული იქნება სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს პროცესი?

ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაზე მუშაობა მანამ დავიწყეთ, ვიდრე ეს რეგულაცია ამოქმედდებოდა, რაც უფრო აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, მით უფრო აღვიქვით მისი სირთულე. თუმცა ვფიქრობ, რომ მძლავრი მრავალპროფილური ჰოსპიტლები ალბათ შედარებით მარტივად გადაიტანენ ამ პროცესს. ამ რეგულაციის შედეგად კი, ვფიქრობ, ხარისხი გაიზრდება და საწოლფონდი მეტად ეფექტიანი გახდება. ასევე, მონოპროფილური დაწესებულებები, რომელთაც შეუძლიათ ერთი პროფილით მკურნალობა, შესაძლოა, მრავალპროფილურები გახდნენ, რაც ლოგიკურიცაა.

ჯანდაცვის სექტორში ბოლო პერიოდში დაწყებული და განხორციელებული არაერთი რეფორმა რას გეუბნებათ? საით მიდის ჯანდაცვის სექტორი?

რეალურად ნებისმიერი სფეროს განვითარებას დაფინანსება სჭირდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, როგორც დამფინანსებელს, სექტორის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს, და თუ მოხდება შემოსავლებისა და თანხების სწორი ალოკაცია, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპულ და ამერიკულ მედიცინას გავუთანაბრდეთ, მით უმეტეს, რომ პროგრესული ექიმები გვყავს, რომელთაც დარგების განვითარება შეუძლიათ. მათ უბრალოდ ხელშეწყობა სჭირდებათ.

ბოლოს კვლავ „კავკასიის მედიცინის ცენტრს“ დავუბრუნდეთ. რა გაქვთ მონიშნული წლის გეგმებში?

მე ჩემს გუნდთან ერთად წლის დასაწყისშივე ვაკეთებ გათვლებს. წელს რამდენიმე ახალი მიმართულების განვითარება და გაფართოება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის ყელ­-­ყურ­-­ცხვირის და არითმოლოგიის მიმართულებების. ამასთან, ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა ის, რომ ვგეგმავთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გაკეთებას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნიდან პაციენტები ამ სერვისის მისაღებად უცხოეთში მასობრივად გაედინებიან.

გარდა ამისა, ჩვენი ჰოსპიტლის მომავალია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება, რომლისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მზადება დიდი ხანია, დავიწყეთ, თუმცა წლევანდელი წელი ამ კუთხით გარდამტეხი იქნება. საერთაშორისო აკრედიტაცია „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდება სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის.

შეჯამებისთვის, ჩვენი ამოცანა – მხოლოდ წინ და წინ სიარულია, რისთვისაც ყველაზე კარგი კომპასი ჩვენი პაციენტები არიან. უშუალოდ ჩემს, როგორც ხელმძღვანელის, მთავარ ამოცანას კი იმ გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს, სადაც თანამშრომლებს უწყვეტი ზრდის საშუალება ექნებათ.

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ თვეში უკვე დაახლოებით 7000 პაციენტს მასპინძლობს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სტაციონარული თუ ამბულატორიული მომსახურება. ჰოსპიტალი ჯანმრთელობის რამდენიმე კომპონენტს ერთობლიობად განიხილავს: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ამ ჰოლისტური მიდგომით მრავალპროფილური ჰოსპიტალი უკვე არაერთ ცენტრს აერთიანებს. მათ შორისაა:

  • თვალის ცენტრი;
  • ინსულტის ცენტრი;
  • გულ-სისხლძარღვთა ცენტრი;
  • ნევროლოგიური/ნეიროქირურგიული ცენტრი;
  • ნეიროფიზიოლოგიის ცენტრი;
  • მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრი;
  • გასტროენტეროლოგიის ცენტრი;
  • ენდოკრინოლოგიის ცენტრი;
  • ნუტრიციოლოგიისა და მეტაბოლიზმის ცენტრი;
  • ქალთა ჯანმრთელობის, უროლოგიური თუ პედიატრიული ცენტრები;
  • ენდოსკოპიური სამსახური;
  • რევმატოლოგიისა და ორთოპედ-ტრავმატოლოგიური ცენტრი;
  • კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი;
  • ონკოლოგიური სქრინინგისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი;
  • რეაბილიტაციისა და ტკივილის მართვის ცენტრი.

Comments are closed.