ვახო კაჭარავა - 8 წელში ავლილი კორპორაციული კიბე აღმასრულებელ დირექტორობამდე

ვახო კაჭარავა - 8 წელში ავლილი კორპორაციული კიბე აღმასრულებელ დირექტორობამდე

„თეგეტა ჰოლდინგს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – გაიცანით, ვახო კაჭარავა.

ვიდრე ამ პოსტს ჩაიბარებდა, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულმა, თეგეტაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გრძელი, რვაწლიანი, გზა გაიარა. თავდაპირველად იყო გაყიდვების მენეჯერის პოზიცია. აქ, კორპორაციულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილების მიუხედავად, კომპანიის ტემპმა და ენერგიამ, გამოწვევებმა და თანამშრომლების მაღალმა მოტივაციამ გუნდის ახალ წევრს თავბრუ დაახვია, თუმცა ამავე დროს წინსვლისა და განვითარების სურვილი გაუჩინა.

კორპორაციულ კიბეზე აღმასვლა ვახო კაჭარავასთვის მალევე დაიწყო, მისვლიდან ერთ წელიწადში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ანდეს.

„მანამდე ვფიქრობდი, რომ თეგეტას უკვე კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამ პოზიციამ სულ სხვა კუთხით დამანახა ჩემი საქმიანობა, – მიზანი ახლა უკვე სტრატეგიულად მოქმედება იყო და არა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა.

წელიწადი და რამდენიმე თვე ვიმუშავე ამ პოზიციაზე, რის შემდეგაც  სრულად პროდუქტების მართვის დეპარტამენტი ჩავიბარე. პასუხისმგებლობა ციფრებშიც მარტივად ჩანდა, 300 -ზე მეტი ბრენდი, 200.000- მდე უნიკალური პროდუქტი, გაყიდვების  5 არხი, ასი ათასობით მომხმარებელი…

როდესაც ჩავთვალე, რომ ჩემს თავში ამხელა მატრიცა მეტ-ნაკლებად გააზრებული და ხედვა ჩამოყალიბებული  მქონდა, იმ დროს გაიხსნა კიდევ ერთი ახალი კარი თეგეტაში, – ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა. იმ პერიოდში გამოვუშვით  პირველი საავტომობილო ობლიგაციები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაგ დროს ავიღეთ საკრედიტო რეიტინგი ფიჩისგან რაც უპრეცედენტოა დღემდე.“

ამის შემდეგ იყო „ვოლვოს“ ქართულ ბაზარზე შემოყვანა. აქ ვახო კაჭარავამ ორი წელი გაატარა, ეს მიმართულებაც  წარმატების გზაზე რომ დააყენა, მაშინ მოვიდა კიდევ ერთი შეთავაზება – პანდემიის დაწყებასთან ერთად, თეგეტა ჯგუფის ფინანსური დირექტორობა ახალი მასშტაბის გამოწვევა და პასუხისმგებლობა აღმოჩნდა.

„კარგად რომ წარმოიდგინოთ იმას ჰგავდა, ომის დროს ჯარისკაცი გენერლად რომ დანიშნო.

პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში ვიყავი  და ვფიქრობ, ეს არის ჩემი უმნიშვნელოვანესი აქტივი, – ვიცნობ ბიზნეს მოდელს, ვიცი ზუსტად რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რა არის საჭირო იმისთვის რომ გავხდეთ უფრო უკეთესი. თეგეტაში ვისწავლე, რომ თუ რამეს მართლა მოინდომებ მთებს გადადგამ. ვისწავლე ისიც, რომ ამას მარტო ვერ გააკეთებ,  გვერდზე უნდა გყავდეს მცოდნე, ერთგული და გულანთებული გუნდის წევრები.“

ძლიერი გუნდისა და ერთიანობის გარდა, რაზე დგას „თეგეტა მოტორსის“ 26-წლიანი წარმატების ისტორია? რა ღირებულებებზე დაყრდნობით გახდა და ინარჩუნებს  ის ლიდერობას  – ამას „თეგეტა ჰოლდინგის“ ახლადდანიშნული  აღმასრულებელი დირექტორი ასე გვიხსნის:

„ვფიქრობ, ქვეყანაში ავტომომსახურების მაღალი სტანდარტის შექმნა შევძელით.  ჩვენი მიზანია მომხმარებელს გავუმარტივოთ ტრანსპორტის ფლობის გამოცდილება, რაც ჩვენი მხრიდან სრული საავტომობილო ეკო-სისტემის შეთავაზებას ნიშნავს.“

ერთია გახდე ლიდერი, მეორეა შეინარჩუნო შენივე დამკვიდრებული სტანდარტები და აწეული თამასა. ვახო კაჭარავას მუდმივი განვითარების მოთხოვნაზე ბევრი  პასუხი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი  გაციფრულება და ელ-კომერციაა.

„კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა 85% ამბობს, რომ ელ. კომერცია ბევრად გაუმარტივებთ მათ არჩევანს და ამასთან დაუზოგავს  დროს. გასათვალისწინებელია კოვიდპანდემიის გავლენაც და  ამ კონტექსტში, ეჭვი დისტანციური გაყიდვების ეფექტურობაზე, ფაქტობრივად მოხსნილია.

რეგიონული დივერსიფიცირება და კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში ქართული დროშის აფრიალება ჩვენთვის საამაყო და საპასუხისმგებლო ამოცანაა. ამ ყველაფერს რაც აკლია, საწვავის მიმართულებაა. ახლა, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, გვინდა  ჩვენს მომხმარებელს განახლებადი საწვავი შევთავაზოთ. ეს გულისხმობს ელექტრიფიცირების სრულ პროექტს, როგორც ელექტრო ავტომობილების შეთავაზებას, ისე ელ. დამტენებს და თანმდევ ინფრასტრუქტურას.“

ახალი აღმასრულებელი დირექტორის კომპანიის გაზრდაზე  სტრატეგიების დაწყობას, ფონად ყველასათვის საერთო გამოწვევა – პანდემია დაერთო თან.

„უშუალოდ ბიზნესისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება შექმნილი მსოფლიო კრიზისის სწორი და ეფექტური მართვა. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირების და ნედლეულის ფასი, ასევე შემცირდა საწარმოო სიმძლავრეები, საინტერესო მაგალითია ე.წ. ჩიპების ქეისი, რამაც ავტომწარმოებლებს დიდი დარტყმა მიაყენა. ამ ორომტრიალში გამონაკლისი,  არც ჩვენ ვიყავით. თუმცა ამის მიუხედავად, შევძელით 2020 წლის გაყიდვებში 10%- მდე ზრდა გვეჩვენებინა. პანდემიის პირობებში, ვფიქრობ, ეს საამაყო შედეგია.

დღეს საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელიც იზიარებს თეგეტას ღირებულებებს, არ წყვეტს განვითარებას და ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.  ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს, მჯერა 2021 წლის ბოლოს შევძლებთ დავდოთ თეგეტასთვის ისტორიული შედეგი.“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *