ვინ შეიძლება გახდეს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი?

ვინ შეიძლება გახდეს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი 45-დღიანი მმართველობის შემდგომ თანამდებობიდან გადადგა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ეს პრემიერობის ყველაზე ხანმოკლე ვადაა. ტრასის განცხადებით, მან ვერ შეძლო შეესრულებინა ის მანდატი, რომლითაც იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერი იძულებული გახდა, გადასახადების შემცირების გეგმაზე უარი ეთქვა და გადადგომამდე რამდენიმე დღის წინ მისი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნისთვის ბოდიშიც მოიხადა.

ლიზ ტრასმა ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი თანამდებობაზე 6 სექტემბერს, არჩევნებში რიში სუნაკის დამარცხების შემდგომ ჩაანაცვლა. ტრასი პრემიერ-მინისტრის პოსტზე შემცვლელის დანიშვნამდე დარჩება. მთავარი კითხვა ახლა ისაა, თუ ვინ ჩაანაცვლებს ტრასს ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე.

პრემიერობისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა ორშაბათს იწურება, ხელმძღვანელობის მსურველებს კი კენჭისყრაში სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. კონსერვატორებს პარლამენტში ამ დროისთვის 257 დეპუტატი ჰყავთ. პარტიის წევრებს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებაც აქვთ. კონსერვატიული პარტიის ლიდერი და, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი 28 ოქტომბერს დასახელდება. ახლა კი იმ პოტენციურ კანდიდატებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც შესაძლოა, ტრასი პრემიერის თანამდებობაზე ჩაანაცვლონ:

პენი მორდანტი: თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან ბორის ჯონსონმა პრემიერად არჩევისთანავე გაათავისუფლა, რადგან მორდანტმა მხარი მის კონკურენტ ჯერემი ჰანტს დაუჭირა. მორდანტი ევროკავშირის დატოვებისადმი ძლიერი მხარდაჭერითაც გამოირჩეოდა. ბორის ჯონსონის პრემიერობის შემდგომ, მორდანტი სახელმწიფო ხაზინის მინისტრისა და ვაჭრობის უმცროსი მინისტრის პოსტებს იკავებდა. ტრასის მხარდაჭერის შემდგომ, მორდანტი თემთა პალატის ლიდერად და საიდუმლო საბჭოს ლორდ-პრეზიდენტად დაინიშნა.

მორდანტი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის მისი კანდიდატურა წარადგინა. „ჩემთვის გამამხნევებელია იმ კოლეგების მხარდაჭერა, რომელთაც ახალი დასაწყისი, ერთიანი პარტია და ეროვნული ინტერესების შესაბამისი ლიდერობა სურთ. ჩემი მიზანია, გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და პრემიერი – გავაერთიანო ქვეყანა, შევასრულო ჩვენი დაპირებები და გავიმარჯვო შემდეგ საყოველთაო არჩევნებში“, – წერს მორდანტი Twitter-ზე.

რიში სუნაკი: გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ბორის ჯონსონის შემცვლელადაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა ის საბოლოოდ ლიზ ტრასთან დამარცხდა, რომელიც გადასახადებისა და რეგულაციების შემცირების დაპირებით გამოირჩეოდა.

42 წლის სუნაკი, აწ უკვე ყოფილ პრემიერს აფრთხილებდა, რომ მისი დაპირებები დაუფიქრებლად იყო გაცემული და შეიძლებოდა, ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არსებული მაღალი ინფლაცია კიდევ უფრო გაეუარესებინა. ახლა, როდესაც სუნაკის ტრასისადმი გაფრთხილებები გამართლდა, ყოფილი ფინანსთა მინისტრი კვლავ პრემიერობის ბრძოლისთვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სუნაკმა თავი პანდემიის პერიოდშიც გამოიჩინა. ეკონომიკის გადარჩენის პაკეტმა ქვეყანას თავიდან მასობრივი უმუშევრობა ააცილა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს 410 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ($514 მილიარდი) დაუჯდებოდა. მიუხედავად ამისა, რიში სუნაკმა ბრიტანელების კრიტიკა ჯონსონთან ერთად ლოკდაუნის წესების დარღვევისა და ოჯახებისთვის არასაკმარისი საარსებო ხარჯების გაცემის გამო დაიმსახურა.

თუმცა პარტიის წევრთა ნაწილი სუნაკის მიერ ივლისში, თანამდებობის დაკავების გამო კვლავ გაბრაზებულია და თვლის, რომ მისმა გადაწყვეტილებამ დიდი როლი პრემიერ ჯონსონის გადადგომაშიც ითამაშა. პარტიის წევრთა საკმაოდ სოლიდურ ნაწილს კი, რომელთაც, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელობის შესახებ საბოლოო სიტყვა ეკუთვნით, არ სურს, სუნაკს მისი საქციელი აპატიოს.

სუელა ბრავერმანი: საინტერესოა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ თანამდებობა ლიზ ტრასმაც დატოვა. მართალია, ბრავერმანის გადადგომა მონაცემთა გაგზავნის წესების დარღვევას ეხებოდა, გადადგომის შესახებ წერილი იმიგრაციის საკითხებზე უთანხმოებაზე მიუთითებდა. ბრავერმანი ყოფილი ადვოკატი და Brexit-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *