Visa: მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები რეკორდულ თანხას დახარჯავენ

Visa: მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები რეკორდულ თანხას დახარჯავენ

კატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები მზად არიან, რეკორდული თანხა დახარჯონ. აღნიშნული პროგნოზი ანგარიშსწორების საკითხებში ღონისძიების მთავარ პარტნიორ Visa-ს მონაცემებს ეფუძნება.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ათ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, ამის მიუხედავად, გულშემატკივრებმა უკვე დახარჯეს 2018 წელს რუსეთში გამართულ ტურნირზე დახარჯული თანხის 89% და იმაზე მეტი, ვიდრე 2014 წელს ბრაზილიაში. Visa-ს მონაცემები, ტურნირის დაწყებიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ოფიციალურ ლოკაციაზე, მისი ბარათით ანგარიშსწორებისას დახარჯულ თანხას აღრიცხავს.

2022 წლის ჩემპიონატზე დახარჯული თანხა საკმაოდ მაღალია, მიუხედავად უკანასკნელ წუთში მიღებული გადაწყვეტილებისა სტადიონებთან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე. Visa-ს მონაცემებით, დანახარჯების თითქმის ნახევარი ტურნირზე დასასწრებ ადგილებზე, 36% კი საკვებსა და სასმელებზე მოდიოდა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი 30 ნოემბერს, საუდის არაბეთისა და მექსიკის მატჩის დროს დახარჯეს.

ტურნირიდან მნიშვნელოვანი მოგების მიღებას ელიან როგორც კატარი, ასევე FIFA. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პროგნოზით, მისი შემოსავალი ოთხწლიანი ციკლიდან 2018 წელს რუსეთში გამომუშავებულ $5.4 მილიარდს გადააჭარბებს. რაც შეეხება კატარს, ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ღონისძიება ადგილობრივ ეკონომიკას $17 მილიარდის მოგებას მოუტანს.