გერმანული Volkswagen-ი ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Rivian-ში $5 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებს. გარდა ამისა, კომპანიები, Rivian-ის ტექნოლოგიურ ბაზაზე დაფუძნებული საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ერთობლივ საწარმოსაც ჩამოაყალიბებენ.
Volkswagen-ის ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Nasdaq-ზე Rivian-ის აქციების ფასი 50%-ით, $18.49-მდე გაიზარდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა Rivian-ს კომპონენტებისა და სხვა საჭირო მასალის ხარჯებსაც შეუმცირებს.
„საწყის ეტაპზე Rivian-ში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩაიდება, დაფინანსება კი შემდგომში $4 მილიარდით გაიზრდება“, – განაცხადა Volkswagen Group-ის CEO-მ, ოლივერ ბლუმმა მედიასთან. VW-ის აღმასრულებელმა დაფინანსების მეორე ეტაპის სავარაუდო თარიღად 2026 წელი დაასახელა.
გერმანულ ავტომწარმოებელთან და კომპანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ Amazon-თან თანამშრომლობამ შესაძლოა, Rivian-ისთვის ახალი ავტომობილების გამოშვების პროცესიც დააჩქაროს. უახლოეს მომავალში Rivian-ი საშუალო ზომის R2 ელექტრო SUV-ისა და კომპაქტური R3-კროსოვერის წარდგენას გეგმავს, 2026 წელს კი ახალი, R2 SUV-ის დებიუტიც შედგება, რის შემდეგაც R3-ელექტროკროსოვერსაც უნდა ველოდოთ.
პარტნიორობა ამერიკულ კომპანიას Tesla-სთვის კონკურენციის გაწევაშიც დაეხმარება, რადგანაც Rivian-ი შესაძლოა, სამომავლოდ რობოტაქსების ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იქცეს.
ერთობლივ საწარმოში კი კომპანიები ახალ პროგრამულ პლატფორმაზე იმუშავებენ, რომლის საფუძვლადაც Rivian-ის „ზონალური ჰარდვეარ დიზაინი“ და ინტეგრირებული ტექნოლოგიური პლატფორმა იქნება გამოყენებული. ახალი საწარმო ფოკუსირებული იქნება ინფორმაციულ-გასართობ, უკაბელო კავშირისა და ავტონომიური მართვის ფუნქციების ინტეგრირებაზე.