უახლესი ინფორმაციით, Volvo შესაძლოა შემდეგი მსხვილი ავტომწარმოებელია, რომელიც მიმდინარე წელს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების და შვედეთის მთავარ საფონდო ბირჟაზე განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გამოირიცხოს მის მშობელ კომპანია Geely-სთან სრული შერწყმა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ ტექნოლოგიებისა და საწარმოო ობიექტების გაზიარებაზე ვრცელდება, Geely ნებისმიერი IPO–ს შემდეგ Volvo–ს მთავარ აქციონერად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ Volvo IPO-ს დაწყებას 2018 წელს გეგმავდა, როდესაც მისი ღირებულება 30 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა კომპანიამ იმდროინდელი სავაჭრო ომის გამო, რომელსაც შესაძლოა აქციის ფასი დაეზარალებინა, ყველაფერი შეაჩერა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Geely–მა Volvo 2010 წელს Ford–ისგან შეძენის შემდეგ შთამბეჭდავად გარდაქმნა და განავითარა. დღეს Volvo შედარებულია გერმანიის საუკეთესო კომპანიებთან. ამასთან, კომპანია ფართოვდება Lynk & Co. და Polestar ბრენდებით და მალე თავის პირველ ელექტრომანქანას შექმნის.
ცნობისთვის, Volvo მისი შვილობილი კომპანიის Zenuity-ის მეშვეობით გლობალურ სრულმასშტაბიან საავტომობილო პლატფორმა SPA2-ს ნერგავს, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის თვითმართვის შესაძლებლობას.
Geely-ის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანია მხარს უჭერს Volvo Cars-ის ტრანსფორმაციას, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, გახდეს ნამდვილი პრემიუმ-ბრენდი და გაზარდოს მოგება. ბაზარზე განსაკუთრებით კარგად არის პოზიციონირებული Volvo Cars-ი, რომელიც მიწოდების უწყვეტ ზრდას და უსაფრთხო, დამოუკიდებლად მართვის ფუნქციებს უზრუნველყოფს.