ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი განაგრძობს STEM განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას.

STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. სასწავლო პროცესი კი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით გაიმართება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

STEM სკოლა 150 მოსწავლეს მიიღებს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

„საქართველოს ბანკში ჩვენთვის მთავარი ღირებულება განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა, მიეღოთ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით – STEM მიმართულებებით სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. STEM სკოლის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის – ერთი მხრივ, გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაჩენას, იქნება ეს ინჟინერია, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა, რათა გავხადოთ ეს პროფესიები უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი. მეორე მხრივ კი ჩვენი მიზანია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ აღნიშნული მიმართულებები, მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რის საშუალებასაც კომაროვის სკოლის გამოცდილება იძლევა“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

 

STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა:

  • მოსწავლე სწავლობდეს მე-7, მე-8 ან მე-9 კლასში;
  • 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ფიზიკასა და მათემატიკაში ჰქონდეს 9 ან უფრო მაღალი შეფასება;
  • გაიაროს რეგისტრაცია;
  • წარმატებით გაიაროს ონლაინ ტესტირება.

 

STEM სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 3 მარტს დასრულდება.

STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეწვიეთ ვებგვერდს.

რეგისტრაციისთვის კი გადადით ბმულზე.S