WSJ: ახალი პროფესიები ადამიანებისთვის AI-ის ეპოქაში

WSJ: ახალი პროფესიები ადამიანებისთვის AI-ის ეპოქაში

გასულ წელს, OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის გაშვებასთან ერთად, ერთი რამ ცხადი გახდა: სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი ადამიანური სამუშაო ძალის გარკვეულ ნაწილს ჩაანაცვლებს. თუმცა AI-ის მხოლოდ საფრთხედ აღქმა სწორი არ იქნება და ის შეგვიძლია შრომით ბაზარზე ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების წყაროდაც განვიხილოთ. Wall Street Journal-მა სწორედ ის პროფესიები წარმოგვიდგინა, რომლებიც ადამიანებისთვის AI-ის ეპოქაში შეიქმნება:

დიდი ენობრივი მოდელების ორგანიზაციის შიდა დეველოპერები (In-House Developer)

დიდი ენობრივი მოდელები, როგორიცაა OpenAI-ის GPT და Google-ის LaMDA, დავალების გასააზრებლად, გენერირებისა და პასუხის დასაბრუნებლად, ინტერნეტში არსებულ უზარმაზარ ინფორმაციას იყენებენ. ფინანსური ინდუსტრიისთვის ეს ნაკლებად გამოსადეგია, რასაც In-house-დეველოპერები შეცვლიან. თავად ორგანიზაციის შიგნით დასაქმებული დეველოპერები მოდელებისთვის სიტყვათა ახალ შაბლონებს დანერგავენ, რაც AI-ის ფინანსური ფუნქციების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს: კომპანიის 10-K წლიური ანგარიშის შეჯამება ან კლიენტთა სესხის განაცხადის პროცესის წამართვა.

In-house-დეველოპერები მოდელებისთვის კურიკულუმს შექმნიან და მათ ისეთი სიტყვების ფინანსურ და იურიდიულ მნიშვნელობას შეასწავლიან, როგორიცაა „პროცენტი“ და „წარმოებული“. საბოლოოდ, თანამშრომლები და კლიენტები მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებულ მოდელებს მიიღებენ.

რესკილერი – Reskiller

მაშინ როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა უფრო მეტ საქმიანობას შეითავსებს, ადამიანებს თავიანთი უნარების „განახლება“ დასჭირდებათ, პროდუქტიულობისა და დასაქმებისთვის ვარგისობის შესანარჩუნებლად. „რესკილერები“, ახალი ტიპის მასწავლებლები, მათ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.

ე.წ. „რესკილერებს“ უნდა შეეძლოთ წინასწარ გათვალონ, თუ რა ტიპის ტალანტები დასჭირდება კომპანიებს მომავალში, ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარების კვალდაკვალ. კარიერული განვითარების ახალი მიდგომები კი უკვე ყალიბდება: გაყიდვების სპეციალისტები ვებდეველოპმენტსა და კოპირაიტინგს სწავლობენ, მარკეტერები – გრაფიკულ დიზაინს, HR-სპეციალისტებში კი განსაკუთრებით პოპულარული იურიდიული მიმართულება გახდა.

AI-ფსიქოთერაპევტი

ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფისგან განსხვავებით, OpenAI-ის ChatGPT-ის მსგავსი აპლიკაციების ლოგიკა – რომლითაც მიცემულ დავალებებს ასრულებენ – ძირითად შემთხვევებში გამჭვირვალე არაა. შესაძლოა, ეს პრობლემა არ იყოს პოემებისა და რეცეპტების გენერირებისას, თუმცა, როგორც IBM Software-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დინეშ ნირმალი აღნიშნავს, გამჭვირვალობის ნაკლებობა უარყოფით ფაქტად აღიქმება მაშინ, როდესაც AI-ს ისეთი დავალებების შესრულებას მოვთხოვთ, როგორიცაა: საკრედიტო ქულების მინიჭება, საინვესტიციო პორტფელის ოპტიმიზაცია, ლიკვიდურობის ნაშთების პროგნოზირება და ა.შ.

კლიენტებს სურთ იცოდნენ, რატომ იქნა უარყოფილი სესხზე მათი განაცხადი – ისინი ბანკის მარეგულირებლებისგან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მიზეზის ახსნას ითხოვენ. ხელოვნური ინტელექტის ფსიქოთერაპევტები მოდელის განვითარებას მისივე სასწავლო მონაცემების შესწავლით შეაფასებენ, თუმცა ორიენტირებულნი სწორედ შეცდომებსა და მიკერძოების წყაროებზე იქნებიან. კომპანიებიც, როგორიცაა IBM, Google-ი და Microsoft-ი, ისეთი ტიპის ინსტრუმენტების გამოშვებას ცდილობენ, რომლებიც AI-ის აზროვნების პროცესების შეფასებასა და წარმოდგენას შეძლებენ.

AI-ის მსჯელობის გაგება მხოლოდ ნახევარი საქმე იქნება, მეორე ნაწილი უკვე თავად მოდელის გონებრივ გადამზადებას გულისხმობს. თუმცა, რაგინდ დახვეწილი იყოს მოდელები და სისტემები, საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლები სწორედ ისევ ადამიანები არიან. Deloitte & Touche-ის მოდელის რისკის მართვის გლობალური ხელმძღვანელის, ალექსეი სურკოვის შეფასებით, „ფსიქოთერაპევტი“ შესაძლოა გარკვეულ ფინანსურ ფირმაში ვაკანსიის დასახელება იყოს, მისი ალტერნატივები კი AI-რისკის მენეჯერები ან კონტროლიორები იყვნენ.

„სასწრაფო“ ინჟინერი

იმისთვის, რომ ChatGPT-იმ მომხმარებელთან ადამიანის მსგავსად დალაპარაკება შეძლოს, prompt-ინჟინრები დაგჭირდებათ. „სასწრაფო“ ინჟინერია, კატეგორიზებულად, პროგრამირებასა და მენეჯმენტს შორისაა და იმის ნაცვლად, რომ კომპიუტერული პროგრამული ენები – Python-ი ან Java – გამოიყენოს, AI-სისტემებისთვის მარტივ ინგლისურ ენაზე ქმნის ინსტრუქციებს და AI-სისტემის გამოყენების ახალ გზებს.

ეს არის ის, რასაც იურიდიული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Casetext-ის ახალი კლასის ინჟინრები აკეთებენ, AI-ის იურიდიულ ასისტენტ CoCounsel-თან ერთად. კომპანია prompt-ინჟინრებს ქირაობს, რათა მათ – AI-ის ჩატბოტის ინსტრუქტირებითა და მათთვის სამართლებრივი დავალებების შესრულების შესწავლით CoCounsel-ის შესაძლებლობები განავითარონ. ინჟინრების მიერ გამოყენებული ენა ზუსტი და კონკრეტულია, განმარტავს დოკუმენტების შესწავლის, კვლევების შეჯამების, კონტრაქტების გადახედვისა და შესწორების პროცესებს.

საუკეთესო prompt-ინჟინრებს მკაფიო ინსტრუქციების მიცემა შეუძლიათ, თუმცა კოდირების პრინციპიც უნდა ესმოდეთ. სხვა სიტყვებით, ისინი ხშირად შესანიშნავი ტექნიკური მენეჯერები არიან.