The Wall Street Journal-ის ცნობით, ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვეიცარიულ გიგანტ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის დაახლოებით $555 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ბერმუდის უზენაესი სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიულმა კომერციულმა ბანკმა საშუალება მისცა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, მილიარდერის ფულადი სახსრები არაგონივრულად ემართა და ამასთან, ნაწილი დაესაკუთრებინა კიდეც.
საგულისხმოა, რომ Credit Suisse-ს აღნიშნული მოცულობის თანხა რეზერვში უკვე მობილიზებული აქვს. მიმდინარე წლის 23 მარტს ბანკმა გაავრცელა განცხადება, ბერმუდის კუნძულების სასამართლო დავების შედეგად დაკისრებულ მოსალოდნელ ჯარიმებზე. ბანკის ცნობით, მათ წინასწარ გადაიტანეს რეზერვებში $469 მილიონი დოლარი, ამასთან, ბანკმა მიუთითა, რომ ეს თანხა მათი საინვესტიციო ბანკინგის სექტორის დავას უკავშირდებოდა. ბანკმა ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ჯარიმის სრული ოდენობა არ იყოს და საჭიროების შემთხვევაში Credit Suisse-ი კომპენსაციისთვის გათვალისწინებული ფონდის ბიუჯეტს გაზრდის.
2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-სმა იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, ბანკირ ლესკადრონის თაღლითური სქემის არსებობა. ხოლო ბანკის მხრიდან არასათანადო მოქმედებამ ბიძინა ივანიშვილი, 2020 წლის ივლისის შეფასებით, თითქმის $555 მილიონით აზარალა.
ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, Credit Suisse კვლავ უარს აცხადებს გადაუხადოს კომპენსაცია მილიარდერს მოპარული ფულის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ფულის მოპარვის ფაქტს ბანკი არ უარყოფს. ცნობისთვის, იგივე საქმეზე დავა ბანკსა და ივანიშვილს შორის სინგაპურშიც გრძელდება.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა თავად Credit Suisse Group-მა. „სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და იგი ექვემდებარება გასაჩივრებას. Credit Suisse Life Bermuda ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებს.“
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის კლიენტი იყო. მოგვიანებით ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაში უჩივლა და ბანკისგან $800 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო. თავად ივანიშვილს კი შეუძლებლად მიაჩნდა, ამგვარი სქემა ბანკში მხოლოდ ლესკადრონისთვის ყოფილიყო ცნობილი.
სხვადასხვა სასამართლოს მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ამავდროულად, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.
Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში და მას 5 წელი მიუსაჯა 2018 წელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის 10 თვეში საპატიმროდან გაათავისუფლეს – მან 2 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, „რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ… ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,“ – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან.