WSJ: ჩინეთში Binance-ის თვიურმა ტრანზაქციებმა $90 მლრდ შეადგინა

WSJ: ჩინეთში Binance-ის თვიურმა ტრანზაქციებმა $90 მლრდ შეადგინა

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთში ერთი თვის განმავლობაში Binance-ის მომხმარებლებმა $90 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებით ივაჭრეს. ცნობისათვის, ჩინეთში Binance-ით სარგებლობა 2021 წლიდან უკანონოა.

WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ჩინეთი Binance-ის ყველაზე დიდი ბაზარი გახდა. ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის რომელ თვეში განხორციელდა ამ მოცულობის ტრანზაქციები, თუმცა აღნიშნულია, რომ მისმა მოცულობამ პლატფორმაზე გლობალურად ვაჭრობის 20% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Binance-ის წარმოშობა ჩინეთს უკავშირდება. თუმცა მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ მშობლიური ბაზარი რამდენიმე წლის წინ დატოვა. Binance-ის პრესსპიკერის განმარტებით, კომპანიის ვებგვერდი Binance.com ჩინეთში აკრძალულია და ჩინეთიდან მომხმარებლებს მასზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა გამოკვლევებისა და გამოძიებების სუბიექტი აშშ-შიც გახლავთ. Binance-სთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მოკვლევას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია აწარმოებს. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს ფულის გათეთრების სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით.