კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის გამო, რუსეთი იძულებული გახდა უკრაინის ტერიტორიიდან მისი ჯარების ნაწილი გამოეყვანა. ინფორმაციას რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის Wall Street Journal-ი და Politico Europe-ი, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის სამხედრო გაიყვანა რუსეთმა უკრაინიდან. WSJ-ის შეფასებით, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ კურსკზე კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო და რუსეთი აიძულა გეგმები შეეცვალა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კურსკში მოულოდნელი შეჭრით, უკრაინაში რუსული ძალების წინსვლა შედარებით შენელდა.
უკრაინულმა მხარემ კონტრშეტევა 6 აგვისტოს დაიწყო და შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში გაგზავნა. ოფიციალური კიევის მიერ გაკეთებული განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის 1,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი, 74 დასახლებული პუნქტი კონტროლქვეშ მოაქცია – ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც რუსეთმა მიმდინარე წელს უკრაინაში დაიკავა.
კონტრშეტევის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ოპერაციას „უსაფრთხოების საკითხი“ უწოდა და თქვა, რომ სამართლიანია რუსი ტერორისტების განადგურება სწორედ იქ, საიდანაც ისინი უკრაინაზე შეტევას ახორციელებენ.