WSJ: რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გამო საერთაშორისო კომპანიებმა $59 მილიარდი დაკარგეს

WSJ: რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გამო საერთაშორისო კომპანიებმა $59 მილიარდი დაკარგეს

უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, საერთაშორისო კომპანიებმა, სულ მცირე, $59 მილიარდით იზარალეს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან კომპანიების გასვლასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, გამოცემა ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობს.

იელის უნივერსიტეტის დათვლებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გასვლის ან ოპერაციების შემცირების გადაწყვეტილება 1000-მა დასავლურმა ბიზნესმა მიიღო.

ამ დრომდე, რუსული აქტივების ჩამოწერის შესახებ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებმა განაცხადეს: McDonald’s-ი მაგალითად, რუსული ბიზნესის გაყიდვის შემდეგ – $1.2-1.4 მილიარდს, Exxon Mobil-ი შორეულ აღმოსავლეთში ნავთობისა და გაზის პროექტიდან გასვლით – $3.4 მილიარდს, ხოლო Budweiser Anheuser-Busch-ი $1.1 მილიარდს დაკარგავს. განსაკუთრებულად იზარალა ირლანდიურმა სალიზინგო კომპანია AerCap Holdings-მა, რომელსაც სანქციების გამო რუსეთში ასზე მეტი ლაინერის დატოვება მოუხდა – ამგვარად, კომპანიამ $2.7 მილიარდი დაკარგა. რაც შეეხება ნავთობგიგანტ BP-ს, კომპანიამ $25.5 მილიარდით იზარალა. ­­­­

ისე კი, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ იელის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომელთა თქმით, საფონდო ბირჟები იმ კომპანიებს აჯილდოებენ, რომლებმაც რუსეთის ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს – მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ რუსული ბაზრიდან გასული კომპანიების აქციათა ფასის ზრდამ მათ დანაკარგებს გადააჭარბა.

თუმცა საინტერესოა, რომ განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა ინდიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი, რომლის თქმით, რუსული ბაზრიდან გასვლის გამო ინვესტორებმა ამერიკული კომპანიები დასაჯეს, ხოლო ევროპული – დააჯილდოვეს.