Yandex NV რუსულ აქტივებს $5.2 მილიარდად ინვესტორთა კონსორციუმს მიჰყიდის

Yandex NV რუსულ აქტივებს $5.2 მილიარდად ინვესტორთა კონსორციუმს მიჰყიდის

Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული Yandex NV რუსეთში საკუთარ აქტივებსა და აქციებს $5.2 მილიარდად რუს ინვესტორთა კონსორციუმს მიჰყიდის. ინვესტორთა შორის ნავთობის გიგანტის, Lukoil-ის მფლობელობაში არსებული ფონდიც შედის.

Yandex-ს ხშირად „რუსულ გუგლადაც“ მოიხსენიებენ. კომპანია ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, რომელთაც გლობალურ ტექნოლოგიურ ბიზნესად ჩამოყალიბების პოტენციალი ჰქონდა. თუმცა, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სიტუაცია სრულად შეიცვალა.

რუსული Yandex-ი მომხმარებლებს ონლაინსერვისებს, საძიებო სისტემასა და ტაქსის სერვისს სთავაზობდა. შეთანხმების შემთხვევაში კომპანია სრულად რუსულ მფლობელობაში იქნება, რაც მას დასავლურ ტექნოლოგიურ წრეებს კიდევ უფრო დააშორებს.

შეგახსენებთ, რომ Yandex-ი და კრემლი უკვე 18 თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ კომპანიის ნიდერლანდური Yandex NV-ისგან გამოსყიდვის შესახებ. Yandex NV-ის განცხადებით, ღირებულების განსაზღვრისას „სამართლიან ფასს“ 50% დააკლდა. რუსეთის მთავრობა უცხოური აქტივების გარიგებების დასამტკიცებლად, მინიმუმ 50%-იან ფასდაკლებას ითხოვს.

მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემებით, Yandex-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $10.2 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიის აქტივები და აქციები 50%-იანი ფასდაკლების შემდეგ $5.2 მილიარდად განისაზღვრა. ცნობისათვის, 2021 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $30 მილიარდს შეადგენდა.