Yandex NV რუსულ ბიზნესს ყიდის

Yandex NV რუსულ ბიზნესს ყიდის

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაცია Yandex NV-მ რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება მისი დამფუძნებლის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას უკავშირდება.

Yandex-ის ონლაინსერვისები და პროდუქტები, მგზავრობის გაზიარებით დაწყებული, ელექტრონული ფოსტით დასრულებული, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში. თუმცა სიტუაცია 2023 წლის აგვისტოში, კომპანიის თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიცვალა. ვოლოჟმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას „ბარბაროსული“ უწოდა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბარბაროსულია და მე ამ ქმედების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ვცხოვრობ, მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ქმედებებზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო“, – განაცხადა წარმოშობით რუსმა მილიარდერმა და დასძინა, რომ ამ დრომდე ომთან დაკავშირებით დუმილის შენარჩუნების მიზეზები ჰქონდა.

რუსეთის გარდა, საინტერესოა Yandex-ის უკრაინასთან ურთიერთობაც – კერძოდ, 2017 წლის ივნისიდან, კომპანიამ ოპერირება შეწყვიტა კიევსა და ოდესაში მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სერვისმა ბიზნესი მომხმარებლის მონაცემთა უკანონო შეგროვებასა და რუსი მოხელეებისთვის გადაცემაში დაადანაშაულა. იმ დროს Yandex-მა ბრალდებები უარყო.

ამერიკული Forbes-ი არკადი ვოლოჟის ქონების წმინდა ღირებულებას $1.2 მილიარდად აფასებს. რუსი მილიარდერი კვლავ Yandex-ის უმსხვილესი აქციონერია, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემდეგ დატოვა.