შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 2015 წელს 2 281 971 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წელს 2 714 773.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2016 წელს 7.6%-ით გაიზარდა. 2015 წელს 5.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წელს კი 6.4 მილიონი. ყველაზე მეტი (1 523 075 მლნ) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 1 496 246 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 1 254 089 ვიზიტორით. მეოთხეზე რუსეთია 1 037 564 ვიზიტორით.
უკვე ცნობილია 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რაც 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს და 12%-ით (177 მილიონი დოლარით) მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.